განათლება
დღეიდან მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები დაიწყო
დღეიდან, 22 ივლისიდან მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები დაიწყო. წელს გამოცდისთვის რეგისტრაცია 12 ათასამდე პირმა გაიარა.

მასწავლებლობის მსურველები გამოცდას დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ჩააბარებენ.

საგამოცდო ცენტრები დედაქალაქის გარდა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუსთავსა და თელავშია გახსნილი.

სამცხე-ჯაბახეთში ერთი საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელის გელა ინასარიძის ინფორმაციით, 281 რეგისტრირებულიდან გამოცდაზე 20 მათგანი არ გამოცხადდა. 
  • დაწყებითი განათლება I-IV კლასი - 89 რეგისტრირებულიდან გამოცდაზე 85 პირი გამოცხადდა;
  • ქართული ენა და ლიტერატურა I-VI კლასი - სიით იყო 28, გამოცხადდა 25;
  • მათემატიკა I-VI კლასი - 80 იყო რეგისტრირებული, გამოცდაზე 71 გამოცხადდა;
  • ბუნებისმეტყველება I-VI კლასი - 84 პირი იყო სიით, აქედან 80 გამოცხადდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, გამოცდებზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა ის რეკომენდაციაა დაცული, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

„12 000 ათასამდე მსურველია დარეგისტრირებული. აპლიკანტებს სამუშაოდ აქვთ საკმაოდ ხანგრძლივი დრო – ხუთი საათი. უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც დაცული იყო აბიტურიენტების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია და დაცულია. მასწავლებლებს უშუალოდ მუშაობის პროცესში შეუძლიათ, მოიხსნან ან ჩამოიწიონ პირბადე",
- განაცხადა სოფო გორგოძემ.

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 30 ივლისს დასრულდება.

დღესვე, აბიტურიენტები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ფიზიკის გამოცდას აბარებენ. ახალციხის საგამოცდო ცენტრში ფიზიკის გამოცდაზე რეგისტრირებული სამი აბიტურიენტიდან სამივე გამოცხადდა.
| Print |