განათლება
აბიტურიენტთა პირველადი შედეგები უცხოურ ენებსა და ლიტერატურაში გამოქვეყნდა

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 10 აგვისტოს, უცხოური ენებისა და ლიტერატურის გამოცდაში, აბიტურიენტთა პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.

უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე (16.00 ქულაზე) მეტი. 

ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (17.50 ქულაზე) მეტი. 

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

დღეს, 10 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია სააპელაციო განაცხადების მიღების ვადებთან და წესებთან დაკავშირებით.

 

| Print |