განათლება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგები ცნობილია. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, შედეგების ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

,,აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. შეგახსენებთ: იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს" - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით, შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

აბიტურიენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 27 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ პროგრამის არჩევისას ყურადღება გამოიჩინონ, რადგან  კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ, საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლიან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო. გამოცდაზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. აქედან გამოცდაზე 94% გამოცხადდა. პროცესმა უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაიარა.
| Print |