განათლება
ჰიგიენური საშუალებების შესაძენად სკოლებს დაფინანსება გაეზრდება
განათლების სამინისტრო ყველა საჯარო სკოლას სადეზინფექციო საშუალებებით, დეზობარიერითა და თერმოსკრინინგის აპარატით თავად უზრუნველყოფს. სხვა ჰიგიენური საშუალებების შეძენა უშუალოდ სკოლებს მოუწევთ, რისთვისაც 140-მდე სკოლას დაფინანსება გაეზრდება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, 6 თვის განმავლობაში, სამინისტრომ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა. ეკატერინე დგებუაძის თქმით, ასეთი თვალსაჩინო რეფორმა ამ მიმართულებით სისტემას არ ჰქონია.

„განათლების სამინისტროს უდიდესი სამუშაოს ჩატარება მოუწია, მათ შორის, ინფრასტრუქტურული მიმართულებით. რაც შეეხება დასაცავ რეკომენდაციებს, სკოლები საპონს და სხვა ჰიგიენის საშუალებებს თავად შეიძენენ. იმ შემთხვევაში, თუ სკოლებს ფინანსური დანაკლისი აქვთ ბიუჯეტში, დამატებით დაფინანსებას მიიღებენ. ასეთი დაახლოებით 140 სკოლაა, რომელმაც დამატებითი დაფინანსებისთვის სამინისტროს მიმართა“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 15 სექტემბერს, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე ნაბეჭდ წიგნებს მიიღებს.

„იმის გამო, რომ სისტემა ვითარდება, ჩვენ ვმუშაობთ სახელმძღვანელოების გაფიცრულებაზე. ეს არის ხვალინდელი პროექტი, რომელსაც სკოლებს შევთავაზებთ. ამ ეტაპზე ყველა სკოლა მიიღებს ნაბეჭდ სახელმძღვანელოს“, - განაცხადა დგებუაძემ.

საქართველოს მასშტაბით, სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. სწავლების ონლაინ-რეჟიმის შენარჩუნება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

| Print |