განათლება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ნაწილობრივ დისტანციურად დაიწყება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლას 14 სექტემბერს განაახლებს. უნივერსიტეტის რექტორის მაკა ბერიძის განცხადებით, 2020-2021 სასწავლო წელი სტუდენტებისთვის განსხვავებული იქნება.

ლექციებს აუდიტორიებში მხოლოდ პირველკურსელები დაესწრებიან. მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს კი ლექცია-სემინარები შერეული სისტემით ჩაუტარდებათ. ლექციებს დისტანციურ რეჟიმში მოისმენენ, ხოლო სემინარები აუდიტორიებში ჩაუტარდებათ. უნივერსიტეტის რექტორი ასევე აცხადებს, რომ უმაღლესი სასწავლებელი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას სრულად დაიცავს.

„ჩვენ გაორმაგებული პასუხისმგებლობით დავიცავთ რეკომენდაციებს. უნივერსიტეტში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. მაქსიმალური ყურადღებით მოვეკიდებით ამ საკითხს“-
აცხადებს მაკა ბერიძე.

რეკომენდაციის თანახმად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სტუდენტები ლექციებს უნივერსიტეტში სპეციალურად შედგენილი ცხრილების შესაბამისად დაესწრებიან.

სტუდენტებს/ პედაგოგებს/ პროფესორებს შესასვლელში, თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. 37გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირს სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე განათავსებენ, სადაც 15 წუთის შემდეგ სიცხეს ხელმეორედ გაუზომავენ. ისევ მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, უნივერსიტეტი ცხელების ცენტრს მიმართავს. თუ სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდება, მას ლექციები და სემინარები დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარდება.

შენობასა და აუდიტორიებში დაცული იქნება ორ მეტრიანი დისტანცია.

ორ საათში ერთხელ, უნივერსიტეტის სველ წერტილებსა და აუდიტორიებში დეზინფექცია ჩაუტარდება.



| Print |