განათლება
პანდემიის გამო, აუდიტორიებში სტუდენტების დასაშვები რაოდენობა და სალექციო საათები გადაიხედება
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, უნივერსიტეტებში სტუდენტების დასაშვები რაოდენობა და სალექციო საათები დარეგულირდება. პროტოკოლის მიხედვით, უნივერსიტეტებში საიზოლაციო ოთახი მოეწყობა, სადაც ნებისმიერ პირს განათავსებენ, ვისაც რაიმე სახის სიმპტომი გამოუვლინდება.

„უნივერსიტეტებში თერმოსკრინინგი აუცილებელ პირობად რჩება. ასევე სავალდებულოა პირბადეების ტარება, დეზინფექციასთან დაკავშირებული პროტოკოლის შესრულება, რაც ასევე მერხების ხშირ დეზინფექციას მოიცავს.

რაც შეეხება აუდიტორიაში სტუდენტების განთავსებას, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტებმა თვითონ უნდა შეადგინონ იმგვარი გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, ბევრი სტუდენტი ერთ სივრცეში არ განთავსდება.

თუმცა, თუ აუდიტორიებში არის საშუალება დაცული იყოს 1 მეტრი დისტანცია, ამ შემთხვევაში მკვეთრად გამოხატული რეკომენდაცია უნივერსიტეტისთვის არ გვიწერია.

სალექციო საათების დარეგულირებაც თვითონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ"
- განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაკონტროლდება კვების ობიექტებიც, სადაც ერთ მაგიდაზე დასაშვებ წევრთა რაოდენობა ლიმიტირებული იქნება. კერძოდ, უნივერსიტეტებში განთავსებულ კაფეტერიებში ერთ მაგიდაზე მხოლოდ 6 პირი განთავსდება.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვას, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა. დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან.
| Print |