განათლება
სამცხე-ჯავახეთში 37 სკოლიდან, კორონავირუსის რეკომენდაციები 25-მა ვერ დააკმაყოფილა
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, სამცხე-ჯავახეთში შემოწმებული 37 სკოლიდან, 25-მა კორონავირუსის პრევენციისთვის შემუშავებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ჯანდაცვის სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასწავლო პროცესის დაწყებისთვის მზად 12 სკოლა აღმოჩნდა.

სასწავლო დაწესებულებებს, რომლებმაც რეკომენდაციები ვერ დააკმაყოფილეს, სწავლის დაწყებამდე გამოსასწორებელი ვადა მიეცათ.

„ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთში 37 სკოლა შემოწმდა. დანარჩენი სკოლების შემოწმება ეტაპობრივად მიმდინარეობს. სკოლები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს ვერ ასრულებენ, 14 სექტემბრამდე შეუძლიათ, რომ ხარვეზები გამოასწორონ. ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ მივლენ, შეამოწმებენ. რომელი სკოლაც დააკმაყოფილებს, ის შეძლებს სწავლის განახლებას. ვვარაუდობთ, რომ 14 სექტემბრამდე ყველა სკოლა შეასრულებს რეკომენდაციებს“, - ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით შემოწმებული 1 500-მდე სკოლიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს, 81 სკოლა ვერ აკმაყოფილებს.

| Print |