განათლება
კარგი იქნებოდა თუ უნივერსიტეტები და სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავლენ - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებლები საგანგაშოდ იზრდება. სპეციალისტები სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ მობილობის გააქტიურების გამო, რისკების ზრდაზე საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მოსახლეობამ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის და რეაგირების სამმართველოს უფროსის ანა კასრაძის განცხადებით საზოგადოებამ უნდა ისწავლოს კოვიდ 19-თან თანაარსებობა, თუმცა მისივე აზრით კარგი იქნებოდა თუ უნივერსიტეტები და სკოლები, რომლებსაც ამის შესაძლებლობა აქვს ონლაინ სწავლებაზე გადავლენ.

„თავდაპირველად, გვქონდა მოწოდება – დარჩი სახლში, მაგრამ ახლა ახალი მიდგომა არის ის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად არსებობა, კოვიდთან ერთად სწავლის პროცესის ჩატარება და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. ის, რაც აუცილებელია. იმისთვის, რომ რისკი შემცირდეს, პირადად ჩემი და ზოგადად რეკომენდაცია იქნებოდა მაქსიმალურად ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. ვფიქრობ, ეს უფრო შესაძლებელია უმაღლესებში, დაწყებით კლასებში კი უფრო გართულდება. სადაც შესაძლებელია და რომელ უნივერსიტეტებს და სკოლებსაც შესაძლებლობა აქვთ, მოვუწოდებდი, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მაქსიმალურად გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე. გარდა ამისა, საჭიროა მკაცრი კონტროლი უშუალოდ დაწესებულებებში. ყველა სტუდენტმა და უფროსკლასელმა სწავლის დროს, დახურულ სივრცეში, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გამოიყენოს ნიღაბი და ხელის ჰიგიენა“, – განაცხადა ანა კასრაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვილინდა და დადასტურებული შემთხვევათა რიცხვი 1917 გახდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 1354 პირი, გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 390 პირი. 

| Print |