განათლება
სასწავლო პროცესი უსაფრთხოების მკაცრი ზომებით
ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 39 სკოლიდან სასწავლო პროცესი ნაწილმა დისტანციურად, ნაწილმა კი ჰიბრიდული სისტემით განაახლა. ზოგიერთ სკოლაში სწავლა ორ ცვლად დაიწყო, ხოლო მათმა ნაწილმა ონლაინ და სკოლაში სწავლების მეთოდი კლასების მიხედვით გადაანაწილა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 სასწავლო წელი სკოლებში განსხვავებულად დაიწყო. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრადიციული საზეიმო ღონისძიებები არ ჩატარებულა. შენობაში ვერავინ შევა თუ თერმოსკრინინგის არ გაივლის. პანდემიის გამო, პირბადის გამოყენება აუცილებელია მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის.

სასწავლებლის შენობაში უცხო პირისთვის შესვლა შეზღუდულია. მათ სკოლაში შესასვლელად რეგისტრაცია და შემოწმება უნდა გაიარონ. პანდემიის გამო შეცვლილი წესების მიღება უჭირთ მოსწავლეებს, თუმცა აანალიზებენ, რომ ეს აუცილებელია. 



პანდემიის ფონზე განსაკუთრებით რთული იყო სწავლის დაწყება პირველკლასელებისთვის. მშობლების თქმით, ბავშვებს ყველაზე მეტად დისტანციის დაცვა უჭირთ. იმედოვნებენ, რომ პირველკლასელებს ონლაინ–სწავლება არ მოუწევთ, რადგან ეს პროცესი გამოუცდელი პატარებისთვის განსაკუთრებით რთულია. გარდა ამისა, მშობლები თვლიან, რომ დისტანციურ რეჟიმში სწავლება არანაყოფიერია.

„გამოცდილება გვაქვს დისტანციური სწავლის, თუ როგორ მიმდინარეობს და ეს გარკვეულ პრობლმებს გვიქმნიდა. ხშირად ითიშებოდა და სულ რეკვა გვჭირდებოდა მასწავლებელთან“ - ამბობს პირველი კლასის მოსწავლის მშობელი რამაზ ბერიძე.



მშობლები თვლიან, რომ სკოლის შენობაში სწავლის გაგრძელება დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მშობლის ნინო ხუციშვილის თქმით, საერთო შედეგის მისაღწევად, მათი მხრიდან ყველა აუცილებელი რეკომენდაცია დაცული იქნება. იგი ამბობს, რომ სკოლის ადმინისტრაციის მითითებებს მშობლები მთელი სერიოზულობით ეკიდებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათ შვილებს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ მოუწიოთ.




მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლების ადმინისტრაციისგან, კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სწავლის დაწყებამდე მიიღეს, სადაც აღწერილია, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი თუ ბავშვს საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდა:


• რეკომენდაციის მიხედვით, მშობელი ვალდებულია არ გაუშვას ბავშვი სკოლაში, თუ მას ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე ნიშნები დაუფიქსირდა;

• იმ შემთხვევაში, თუ მოზარდს სიმპტომები სკოლაში გამოუვლინდა, შეტყობინების შემდეგ სასწრაფოდ გამოცხადდეს სასწავლო დაწესებულებაში და ბავშვი წაიყვანოს;

• ასევე, მოსწავლე ვალდებულია, იქონიოს სასმელი წყლის პირადი ბოთლი, რომლის დაცლის შემთხვევაში, მის ავსებაზე მასწავლებელი იზრუნებს;

• ასევე აფრთხილებენ მშობლებს, რომ საკვები პროდუქტების შესაძებად ბავშვებს ფულის ნუ გამოატანენ. უმჯობესია, მოსწავლეებმა საკვები სახლიდან წაიღონ;

სკოლების ადმინისტრაცია ბავშვებს ავალდებულებს:

• დაიცვან ჰიგიენის წესები;

• დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით, თუკი ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით;

• ასევე მოსწავლეები ვალდებულები არიან დაცემინებისას სახეზე აიფარონ სუფთა ხელსახოცი, ან მოხრილი იდაყვი;

• მოერიდონ თვალებსა და ცხვირ-პირზე შეხებას;

• გაკვეთილის პერიოდში შეიკრან თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.




სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განახლება, რომ მნიშვნელოვანია – ამაზე ყველა თანხმდება. პედაგოგები ამბობენ, რომ მოსწავლეებისთვის ონალიან-გაკვეთილებში ჩართვა რთულია. სკოლის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ გაკვეთილების დისტანციურ რეჟიმში ჩატარება საჭირო არ გახდება და 2020-2021 სასწავლო წელი მშვიდობიანად დასრულდება.
მოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე
| Print |