განათლება
მასწავლებლობის მსურველთა 74%-მა გამოცდა ვერ ჩააბარა
გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, 2020 წლის ზაფხულში ჩატარებული საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე ბარიერი 2 734-მა მასწავლებლობის მსურველმა გადალახა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი ვერ გადალახა 7 706-მა მასწავლებლობის მსურველმა.

გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 11 908 მასწავლებლობის მსურველი, თუმცა აქედან 1 468 პირი გამოცდაზე არ გამოცხადდა. 10 440 აპლიკანტიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითქმის 74%-მა ვერ გადალახა.

იმ პირთაგან, ვინც ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენია ისეთი, ვინც „მასწავლებლის ეროვნული აკადემია“ გაიარა და რამდენია – ვინც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე ისწავლა.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემის მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებელს აღარ აქვს სკოლაში მუშაობის უფლება და თუკი ამ სტატუსის მასწავლებლები 2020 წლის შემოდგომაზე ვერ შეიცვლიან სტატუსს, მათი სამუშაო ადგილები ვაკანტურად გამოცხადდება.

ბოლო მონაცემებით, სისტემაში 6 ათასი პრაქტიკოსია. მათ, ვინც არ დარეგისტრირდნენ შემოდგომის გამოცდაზე, სტატუსი შეუჩერდათ და უსტატუსო პედაგოგები გახდნენ.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგები ამ ეტაპზე მათთვის უცნობია. ამიტომ, შექმნის თუ არა გამოცდის შედეგები სისტემაში კვალიფიციური კადრების დეფიციტს, მხოლოდ მონაცემთა დამუშავების შემდეგ ეცოდინებათ.

წყარო: "ბათუმელები"
| Print |