განათლება
საბავშვო ბაღები მუშაობას პირველ ოქტომბერს ვერ განაახლებენ
აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორონვირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, ასევე ძალაში რჩება 1-ლი ოქტომბრიდან, აჭარის გარდა, სწავლის განახლება 1-ლი-მე-6 კლასებისთვის საკლასო ოთახებში.

„ 12 ოქტომბერს აჭარის გარდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განაახლებენ ფუნქციონირებას საბავშვო ბაღები. ასევე, 19 ოქტომბერს აჭარის გარდა სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში, შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები არა დისტანციურად, არამედ აუდიტორიებში განაახლებენ ფუნქციონირებას. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები“, - განაცხადა ჩხენკელმა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი პირველი ოქტომბრიდან უნდა განახლებულიყო.
| Print |