განათლება
ადიგენის ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჭეჭლასა და ზანავის საჯარო სკოლებში გაკვეთილები დისტანციურად ჩატარდება. გადაწყვეტილება საგანამანათლებლო დაწესებულებებმა ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციით მიიღეს. მიზეზი კორონავირუსის შემთხვევებია. ჭეჭლაში COVID-19 ორ მოსწავლეს, ზანავში კი პედაგოგს და დარაჯს დაუფიქსირდა. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია. ისინი თანასოფლელების კონტაქტები არიან.

გადავა თუ არა ონლაინ სწავლებაზე სოფელ არლის საჯარო სკოლა, რომლის თანამშრომლის ცოლსაც კორონავირუსი გუშინ, 29 სექტემბერს დაუდასტურდა. ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს ინფიცირებულის ქმრის PSR ტესტირების პასუხებზეა დამოკიდებული. თუ მამაკაცი კოვიდდადებითი იქნება, დანარჩენი თანამშრომლების გამოკვლევაც ჩატარდება.

„ველოდებით პასუხს და შემდეგ განვიხილავთ სიტუაციას, როგორ გაგრძელდება სასწავლო პროცესი. მასწავლებლების გატესტვა დღეს, დღის წესრიგში არ არის, ინფიცირებულის მეუღლის პასუხი თუ არ მოვა“, - გვითხრა ინგა ბოჭორიშვილმა.

ბოლო 24 საათში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19 დაუდასტურდა სოფელ არალში მცხოვრებ ქალს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა უდეში ინფიცირებულ ექთანთან.

30 სექტემბრის მდგომარეობით, რეგიონში კორონავირუსი 26 პირს დაუდასტურდა. აქედან 1 ინფიცირებულია ასპინძის სოფელ რუსთავში. კორონავირუსის 1 შემთხვევაა დაფიქსირებული ნინოწმინდის სოფელ დიდ არაქალში. ყველაზე მეტი - 24 შემთხვევაა ადიგენში.
  • 12 ჭეჭლა,
  • 5 დიდი ზანავი,
  • 2 უდე,
  • 2 ღორთუბანი,
  • 1 გომარო,
  • 1 არალი,
  • 1 კეხოვანი.
| Print |