ახალი სასწავლო წელი და ძველი სახელმძღვანელოები – ახალციხის საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, უკვე მეორე წელია მოსწავლეები უფროსკლასელების მიერ გამოყენებული უფასო სახელმძღვანელოებით სარგებლობენ. სკოლებში განმარტავენ, რომ წიგნები უმნიშვნელოდაა დაზიანებული და მისი გამოყენება შესაძლებელია.
წიგნებით სრულად უზრუნველყოფილი არ არის ახალციხის სომხურენოვანი სკოლები. დირექტორთა განმარტებით, მშობლიური ენის სახელმძღვანელო დაწესებულებებს ამ დრომდე არ მიუღიათ. მათივე თქმით, მოთხოვნა აღნიშნულის შესახებ განათლების სამინისტროს დროულად გადაეცა.
საგანმანათლელო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ საქართველოსა და სომხეთის სამინისტროებს შორის ხელშეკრულება გაფორმებულია. წიგნების გადმოცემას სომხური მხარე აგვიანებს. რაც შეეხება უფასო სახელმძღვანელოებს, ხათუნა ხმალაძის მტკიცებით, ყველა წიგნი გამოყენებადია.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლებში ღონისძიებები გაიმართა. საწავლის განახლება მოსწავლეებს დირექტორებმა და პედაგოგებმა მიულოცეს.
ახალციხის სკოლებში წელს 525 პირველკლასელი შევიდა. აქედან 344 მათგანი ქალაქის, 181 კი სოფლების სასწავლო დაწესებულებებმა მიიღეს. ყველა პირველკლასელს სამინისტროსგან საჩუქრად ნეთბუქები გადაეცა.