განათლება
სოფელ კლდის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მიზეზი პედაგოგია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯანდაცვის სამსახურის თავდაპირველი რეკომენდაციით, ონლაინრეჟიმში სწავლა მხოლოდ 4 კლასს უნდა გაეგრძელებინა, სადაც ინფიცირებულმა პედაგოგმა გაკვეთილები ჩაატარა. თუმცა, სკოლის დირექტორის განმარტებით, დღეიდან, 2 ნოემბრიდან პირველადი გადაწყვეტილება შეიცვალა.

"სრულად გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. რადგან სკოლაში და-ძმები სწავლობენ, მაინც თავდაცვის მიზნით, ამ ეტაპზე ალბათ ასე აჯობებს. ერთი კვირის მანძილზე ჩატარდება სრული დეზინფექცია, მოსწავლეები იქნებიან დისტანციურად" განუცხადა "მეცხრე არხს" ნესტან ბლუაშვილმა.

ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაციით, სკოლაში დისტანციური სწავლება 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. თვითიზოლაციაში დარჩებიან იმ პედაგოგების ნაწილიც, რომელთაც ინფიცირებულ მასწავლებელთან კონტაქტი ჰქონდა.

სკოლაში ამ ეტაპზე 137 მოსწავლე და 20 მასწავლებელია რეგისტრირებული.

| Print |