განათლება
პანდემიის გამო, საზღვარგარეთ განათლების მიღების დაკარგული შანსები
მსოფლიო პანდემიის გამო, საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, საზღვარგარეთ ვიზიტები დროებით გადაიდო ან საერთოდ გაუქმდა. მოსწავლეები და სტუდენტები გაცვლითი პროგრამებით ვეღარ სარგებლობენ. კორონავირუსის პანდემიამ ახალგაზრდების განათლების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდა.

თორნიკე მანველიშვილი „ფლექსის“ ერთ - ერთი ფინალისტია სამცხიდან. გაცვლით პროგრამაში გამარჯვების შესახებ მან 13 მაისს შეიტყო და ივლისის თვიდან ამერიკაში ერთი წლით საცხოვრებლად და სასწავლებლად გადასვლას გეგმავდა. კორნავირუსის პანდემიისა და საზღვრების ჩაკეტვის გამო, შტატებში გამგზავრება 2021 წლამდე გადაიდო.

„რა თქმა უნდა, ამერიკაში ერთი წლით ცხოვრებას, კულტურის გაცნობასა და სწავლებას დიდი მნიშნელობა აქვს ჩემთვის, როგორც საქართველოს უბრალო მოქალაქისთვის. ეს არის ოცნებების ახდენის და უნარ-ჩვევების გაუმჯობესების ერთ-ერთი საკუთესო საშუალება. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, აშშ-ში როგორც ჩემი, ასევე ამხანაგის ვიზიტი გადაიდო, რომელმაც ჩემს მსგავსად „ფლექსში“ გაიმარჯვა“ - ამბობს თორნიკე მანველიშვილი.


„ფლექსის“ გამარჯვებული იმედოვნებს, რომ მომავალ წელს საზღვრების გახსნისთანავე, ამერიკაში წასვლას შეძლებს და პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სწავლების კურსს გაივლის.



კორონაპანდემიის გამო, გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, კახა ბენდუქიძის სახელობის, ფიზიკის სტუდენტური, რიგით მეშვიდე კონფერენციის გამარჯვებული მარიამ არუსტაშვილიც. თორნიკესაგან განსხვავებით, მეოთხე კურსის სტუდენტის მექსიკაში დაგეგმილი ვიზიტი COVID 19-ის გამო საერთოდ გაუქმდა. მარიამმა კონფერენციაში მონაწილეობა პირველად მიიღო, გაიმარჯვა კიდეც, თუმცა არ გაუმართლა. სტუდენტი ფიქრობს, რომ მექსიკაში წასვლა სასარგებლო უნარ-ჩვევების შეძენაში დაეხმარებოდა, რაც მას დიდ მოტივაციას აძლევდა.

„მექსიკაში ვიზიტი, ჩემთვის ერთადერთი მოტივაცია და სტიმული იყო, რადგან ევროპის ქვეყნებში გამგზავრება ისედაც შემეძლო. მექსიკაში კი კაცმა არ იცის ისევ როდის მომიწევს“ - ამბობ მარიამ არუსტაშვილი.

სტუდენტის თქმით, მექსიკაში მიღებული გამოცდილება, მას სამომავლოდ კარიერულ წინსვლაში გამოადგებოდა.


პანდემიის გამო, აშშ-ში მედიაგანათლების პროგრამის ფინალისტების ვიზიტიც გადაიდო. სამცხე-ჯავახეთიდან პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული ნინო ვართაპეტიანია, რომელიც ტრენინგზე საზღვარგარეთ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში უნდა წასულიყო. მისი თქმით, პროგრამაში ჩართვა ძირითადად 30-დან 35 წლამდე ასაკის პირებს შეუძლიათ.

„აღნიშნული პროექტი, ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ კარგ შესაძლებლობას წარმოადგენდა. ამერიკაში ვიზიტით მეტ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას შევიძენდით, რასაც მომავალში პრაქტიკულ საქმიანობაში გამოვიყენებდით“ - ამბობს ნინო ვართაპეტიანი.


გაცვლითი პროგრამების განხორციელება შეფერხდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. კორონაპანდემიის პირობებში, სტუდენტები საზღვარგარეთ გამგზავრებას ვეღარ ახერხებენ.

არაერთი საერთაშორისო პროგრამა რეგიონში საზღვრების ჩაკეტვის გამო შეჩერდა. შედეგად, ახალგაზრდებმა საზღვარგარეთ განათლებისა და გამოცდილების მიღების შანსი დაკარგეს.


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |