განათლება
„სტატუსი არავის შეუჩერდება“ - სტუდენტებმა და რექტორმა სწავლის გადასახადის შეღავათებზე იმსჯელეს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სტუდენტთა თხოვნით, სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეცილობის სტუდენტებს ონლაინ შეხვდა. ახალგაზრდები სასწავლო დაწესებულებისგან სწავლის გადასახადის გადავადებას ან განახევრებას ითხოვენ. მათი თქმით, შეზღუდვების მეორე ეტაპის ამოქმედების გამო, უმეტესობამ სამსახური დაკარგა და თანხის დროულად გადახდას ვერ ახერხებენ. ამ შემთხვევაში კი მათ სტუდენტის სტატუსის შეჩერება ემუქრებათ. 

„მე მობილობით ვარ გადმოსული და პირველი ტალღის დროს, თანხის გადაუხდელობის გამო, სტუდენტის სტატუსი შემიჩერდა. ახლაც თუ ვერ შევძლებ გადახდას, არ ვიცი რა მოხდება, ამიტომ ვითხოვთ უნივერსიტეტისგან შეღავათს“, - ამბობს თამო დათიაშვილი.

მაკა ბერიძე შეხვედრის მონაწილეებს დაპირდა, რომ გადაუხდელობის გამო სტატუსი არავის შეუჩერდება. ამისთვის კი სტუდენტებმა 16 იანვრამდე განცხადება უნდა დაწერონ, რათა გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მიეცეთ.

„რაც შეეხება სწავლის გადასახადის განახევრებას - ეს მარტო რექტორის გადასაწყვეტი არ არის, თუმცა გპირდებით, რომ დღეიდან დავიწყებ კონპეტეტურ ორგანოებთან დაკავშირებას, რათა დროულად მოხდეს მისი განხორცილება“, - უთხრა სტუდენტებს მაკა ბერიძემ.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი ფაკულტეტია ფასიანი. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამართლის სპეციალობაზე 110 სტუდენტი ირიცხება, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე კი 123 პირი სწავლობს. მათი ყოველწლიური გადასახადი 2 250 ლარია.

| Print |