განათლება
მშობლების მოთხოვნით, ახალციხის სკოლების ნაწილში სწავლება ონლაინ დაიწყება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხეში მეორე სემესტრის სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს. თუმცა, 18 იანვარიდან ქალაქ ახალციხის ზოგიერთ საჯარო სკოლაში ისევ დისტანციურად ისწავლიან. საკლასო ოთახებში სწავლას მესამე საჯარო სკოლა, კერძო სკოლა „მზექა“ და ვალის საჯარო სკოლები დაიწყებენ.

„620-მა მშობელმა დისტანციურ სწავლაზე უარი თქვა, ამიტომ სწავლას ჩვეულ რეჟიმში განვაახლებთ“,- ამბობს მესამე საჯარო სკოლის დირექტორი სუსანა აკოპოვა.

ასე განაახლებს სწავლას ახალციხის კერძო სკოლა „მზექაც“. დირექტორის ბელა კაპანაძის განმარტებით, დისტანციურ სწავლებაზე მშობელთა მოთხოვნა არ ყოფილა.

საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების დაანონსების შემდეგ, მშობლების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა.

მათ შორის არიან მალხაზ ხითარიშვილი და მარი აკოფაშვილი. მალხაზ ხითარიშვილი თვლის, რომ განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან კონტაქტი არ აქვს და უწყების გადაწყვეტილებას, კლასებში სწავლის განახლების თაობაზე, არაადეკვატურსა და არაგონივრულს უწოდებს.




პანდემიისა და ვირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სწავლა პირველ თებერვლამდე დისტანციურად გაგრძელდება.

„მშობლების 80%-ს დისტანციური რეჟიმით სურს სწავლის განახლება, ამიტომ მშობლების განცხადებების საფუძველზე, სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სწავლა საქართველოს დიდი ქალაქების მსგავსად, დისტანციური რეჟიმით განაახლოს“, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური.

#1 სკოლის მსგავსად, ახალციხის #5 საჯარო სკოლაშიც, მშობლებმა ელექტრონული განცხადებების შეგროვება დაიწყეს. დირექტორის ინგა ვარდიძის თქმით, სწავლას დისტანციურად განაახლებენ. ონლაინ გაკვეთილები 19 თებერვლამდე გაგრძელდება.

„მშობლების უმეტესობა განცხადებებით დისტანციურ რეჟიმს ითხოვს, ყოველ წამს შემოდის განცხადებები, ამიტომ ადმინისტრაციამ ასე გადაწყვიტა, რომ სწავლა ონლაინ რეჟიმით განახლდეს“, - ამბობს ინგა ვარდიძე.

ბაბულია ვარდიძე ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია. ის ვარაუდობს, რომ დისტანციურ სწავლებაზე ყოფნა დიდი ხნით მოუწევთ. მასწავლებელი ამბობს, რომ ონლაინ განათლება ჯანმრთელობის მხრივ უსაფრთხოა, თუმცა ტექნიკური ხარვეზები გაკვეთილს ხელს უშლის.



მეორე და მეექვსე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას ჯერ არ გადაუწყვეტია, სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში განაახლებენ თუ ონლაინ. დირექტორების თქმით, მშობელთა დიდი ნაწილი დისტანციურ გაკვეთილებს ემხრობა. გადაწყვეტილების მისაღებად საგანამანათლებლო დაწესებულებას ერთი დღე აქვს. დიდი ალბათობით, ორივე მათგანი მეორე სემესტრს დისტანციურად დაიწყებს.

| Print |