განათლება
პედაგოგებს, რომლებიც 1-ელი თებერვლიდან სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებენ, PCR ტესტირება ჩაუტარდებათ
პედაგოგებს, რომლებიც სწავლას 1-ელი თებერვლიდან საკლასო ოთახებში განაახლებენ, სასწავლო პროცესის დაწყებამდე PCR ტესტირება ჩაუტარდებათ. პედაგოგების გამოკვლევის სიხშირესა და პერიოდულობას პროტოკოლით განისაზღვრება, რომელზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, პროტოკოლი არ გავრცელდება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებზე.

"მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და განსაზღვრა სკოლებში ვინ, როდის და რა რაოდენობით უნდა გაიტესტოს. ამის შესახებ სკოლებს უახლოეს მომავალში ეცნობებათ. შესაბამისად, ისინი ამ პროცესის ორგანიზებას შეძლებენ. რა პროტოკოლიც ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავდება ამ ეტაპისთვის, სამი ქალაქის თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლების გარდა, ყველა სკოლას მოიცავს. ეს სამუშაო პროცესი მალე დასრულდება“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლები სწავლას რეალურ სივრცეში, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. ამავე პერიოდშია დაგეგმილი სასწავლო პროცესის სკოლის კედლებში გაგრძელება ახალციხეშიც, სადაც მშობლების მოთხოვნით, სწავლა კვლავ დისტანციური მეთოდით მიმდინარეობს.
| Print |