განათლება
ახალციხეში უფროსკლასელები გაკვეთილებს არ ესწრებიან
ახალციხის სკოლების ნაწილში უფროსკლასელები გაკვეთილებს არ ესწრებიან. მოსწავლეების მშობლები "მეცხრე არხთან" ამბობენ, რომ ბავშვების უმეტესობა სკოლაში არ დადის. მიზეზად კი კორონავირუსის პანდემიას ასახელებენ. მშობლების თქმით, ბავშვები სკოლებში მხოლოდ პირველ დღეს მივიდნენ.

"მე-10 კლასელია ჩემი შვილი. პირველ დღეს რამდენიმე გაკვეთილი ჩაუტარდათ და წამოვიდნენ. ორი დღეა სკოლაში არ ყოფილან. არავინ დადისო. პირველ დღესაც სამი ბავშვი იყო, ალბათ ეშინიათ პანდემიის და ბავშვებს სკოლაში არ უშვებენ" - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.

საკლასო ოთახებში რომ საგაკვეთილო პროცესს ბევრი მათგანი აცდენს, ამაზე საუბრობენ თავად მოსწავლეებიც. თუმცა სკოლის დირექტორები აღნიშნულს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში სწავლის განახლების შემდეგ, მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრების მაჩვენებელი მაღალია.

“რაც სწავლა დავიწყეთ 95% დადის თითქმის, მცირე რაოდენობა აცდენს სკოლას" - ამბობს მესამე საჯარო სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვა. ანალოგიურ განმარტებებს აკთებენ ქალაქის სხვა სკოლებშიც.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში საკლასო ოთახებში სწავლა 1-ლი თებერვლიდან განახლდა. მანამდე მშობლების მოთხოვნით, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
| Print |