განათლება
ბაღი ონლაინ - როგორია ბავშვების სასკოლო მზაობა
დაკეტილი საბავშვო ბაღები და სააღმზრდელო პროცესი დისტანციურად - ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეჩერებულ მუშაობას, ბაღები 1-ელ მარტამდე ვერ აღადგენენ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ წელს პირველ კლასში ბავშვები მოუმზადებლად მიდიან.

სანამ საბავშვო ბაღები მუშაობის განახლების ნებართვას მიიღებენ, 6 წლამდე ასაკის მოზარდები სასწავლო პროგრამას ონლაინ გადიან. რეალური ურთიერთობები დისტანციურმა ჩაანაცვლა და პრობლემებიც დაიწყო. სოციალიზაცია, რასაც ჩვეულებრივ ვითარებაში ბავშვებს, პატარა ასაკიდან აჩვევენ, მთავარ გამოწვევად იქცა. მათ თანატოლებთან კონტაქტი აღარ აქვთ.

„ბავშვები ერთმანეთს ვეღარ ეკონტაქტებიან, დავიწყებული ჰყავთ ერთმანეთი. ამიტომ სოციალიზაციის პრობლემა ექმნებათ და თითქოს გაუუცხოვდნენ ერთმანეთს“, - აღნიშნავს ახალციხის ერთ-ერთი ბაღის აღსაზრდელის დედა.
მშობლები, რომლებიც შვილების ქცევებს ახლა სახლში, თავადვე აკვირდებიან ამბობენ, რომ ონლაინ ბაღი ბევრ სირთულესთან არის დკავშირებული და პატარებს მასთან შეგუება უჭირთ.

„მართალია ონლაინ დავალებებს აკეთებენ ბავშვები, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მასწავლებელი ჯგუფში ასწავლის. ბავშვები რეჟიმიდან ამოვარდნენ, დილით ვეღარ იღვიძებენ, მშობლებს აღარ გვიჯერებენ. ვცდილობ ვასწავლო, ვამეცადინო, მაგრამ არ მიჯერებს. დარწმუნებული ვარ, ბაღში თავის აღმზრდელს დაუჯერებდა“, - ამბობს ექვსი წლის ელენეს დედა სალომე ზედგინიძე.

მისი თქმით, ონლაინ ბაღი პრობლემას, განსაკუთრებით გამოსაშვები ჯგუფის აღსაზრდელებს უქმნის. ამიტომ ფიქრობს, რომ სექტემბერში პირველკლასელები გარკვეული სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან. რეჟიმთან შეგუება მათ ხელახლა მოუწევთ, ამ პრობლემებთან გამკლავება კი პირველ რიგში, დაწყებითი კლასების პედაგოგოებს მოუხდებათ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ დისტანციური სწავლება შეუფერხებლად მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის მარინა მერაბიშვილის თქმით, აღსაზრდელებს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, აღმზრდელები ტელეფონით უკავშირდებიან.

ონლაინ ბაღი რომ გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ამაზე საუბრობს უდის N2 საბავშვო ბაღის აღმზრდელიც. ხათუნა მღებრიშვილი ამბობს, რომ დისტანციური მეთოდი განსაკუთრებით, არაეფექტურია 5-6 წლის ბავშვებისთვის, რომლებსაც სკოლისთვის საჭირო ყველა უნარ-ჩვევა, სწორედ ბაღში, ბოლო წელს უნდა შეეძინათ.

„გადავწყვიტეთ ვიდეო ჩართვების კეთება, თუმცა ონალაინ მუშაობის პერიოდში ვერ გამომუშავდება ის უნარები, რომელიც საჭიროა მათ ასაკში. ონლაინ ურთიერთობით ისინი ვერ იქნებიან კომუნიკაბელურები, მეგობრულები და ვერ ისწავლიან ერთმანეთის გვერდში დგომას რთულ პერიოდში“, - აღნიშნავს ხათუნა მღებრიშვილი.

აღმზრდელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში პედაგოგიც, მშობელიც და აღსაზრდელიც არიან ჩართულნი, ონლაინ ურთიერთობა პატარებს მაინც უჭირთ.

საბავშვო ბაღების მუშაობის 1-ელ მარტამდე გადადებას ფსიქოლოგი ეხმაურება. სოფიო თავაძის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვების სააღმზრდელო პროცესის მიღმა ყოფნა, უკვალოდ არ ჩაივლის. პირველკლასელებს სკოლაში თანატოლებთან კონტაქტის დამყარება და საგაკვეთილო პროცესში ჩართვა გაუჭირდებათ.

„ბაღი ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობას და თამაშს ასწავლის, ეს კი აუცილებელია მისი განვითარებისთვის. სამწუხაროდ, ბავშვები ამ ყველაფერს მოკლებული არიან. სწორედ ამის გამო, ისინი მეტად არიან გაღიზიანებულნი და ვერ იცლებიან ემოციებისგან. ბაღი მოსამზადებელი ეტაპია ბავშვებისთვის, რომ შემდეგში გაითავისონ ის, თუ როგორ უნდა ეკონტაქტონ სკოლაში მეგობრებს, მასწავლებლებსა და მშობლებს“, - განმარტავს ფსიქოლოგი.

სოფიო თავაძე დამამათავრებელი ჯგუფის აღსაზრდელების მშობლებს სპეციალისტთან კონსულტაციას და ასაკთან შესაბამის აქტივობებს ურჩევს.

პანდემიის პერიოდში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და მშობლების პრობლემები, World Vision საქართველომ შეისწავლა. „სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის“ დირექტორის ნინო ლომიძის განმარტებით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვების 27%-ს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, ან ოჯახს სათანადო ტექნიკა არ გააჩნია. გამოკითხული მშობლების 14% ამბობს, რომ მათი შვილები დისტანციური განათლების პროგრამაში საერთოდ ვერ ერთვებიან.

„ამ ასაკის ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, პრობლემაა სასკოლო მზაობა, მაგრამ საბავშვო ბაღების მენეჯერები, პედაგოგები და ბაღების გაერთიანება, მოწადინებულები არიან, რათა სკოლამდელი აღზრდის პროგრამა შეთავაზებული იყოს სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორის ერთობლიობა ახდენს ზეგავლენას განათლებაზე, მათ შორის ოჯახური მდგომარეობა, მშობლების ნაკლები მზაობა ბავშვების დისტანციურ მეცადინეობებში ჩასართავად“, - მიიჩნევს ნინო ლომიძე.

პანდემიის პირობებში, დისტანციური განათლების პრობლემებზე საუბრობს World Vision საქართველოს ადრეული განათლების პროგრამის კოორდინატორი. ცირა ბარქაიას თქმით, ბაღში სიარული ბავშვს ახალ გარემოში ადაპტაციაში ეხმარება. იქედან გამომდინარე, რომ პატარებმა ფაქტობრივად, ბაღში მთელი წელი ვერ იარეს, ემოციური მზობის მხრივ, მათი სკოლაში წასვლა, შეიძლება უფრო მეტ გამოწვევასთან იყოს დაკაშირებული.

„ახლა მთავარია, ბავშვი მშობლის ხელშეწყობით მოემზადოს სკოლისათვის. მას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს გაეცნოს თავის სკოლას, კლასს. სასურველია, რომ ბავშვმა, მშობელმა და დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ონლაინ გაიცნონ ერთმანეთი. მასწავლებელმა მოისმინოს რა უყვარს ბავშვს, რა აინტერესებს. დაათვალიერებინონ სკოლა, მისი კლასი“, - აღნიშნავს ცირა ბარქაია.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, ფსიქოლოგები მშობლებს არაერთ აქტივობას ურჩევენ. მათ შორის, სახლში „სკოლობანას“ თამაშს, რადგან ბავშვებმა სკოლის მნიშვნელობის გათავისება შეძლონ. გარდა ამისა, აუცილებელია მშობლებმა მოუსმინონ ბავშვებს, გაიგონ რა კითხვები აქვთ და მათთვის გასაგებ ენაზე უპასუხონ.
სკოლამდელი განათლების სიტემაში ბავშვების ჩართულობის ეროვნული მაჩვენებელი საქართველოში 69,5%-ია. ეს ციფრი ევროპის ქვეყნებში გაციელებით მაღალია - 95%. საქართველოს მონაცემი უფრო დაბალია ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებში, ასევე სოციალურად დაუცველი და სოფლად მცხოვრები ოჯახების აღსაზრდელებში.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |