განათლება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა იწყება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 22 თებერვალს დაიწყება. ლექციები დისტანციურად განახლდება, სააუდიტორიო სწავლება კი 1-ელ მარტს დაიწყება.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, მაკა ბერიძის თქმით, პირველი მარტიდან სასწავლო პროცესი აუდიტორიებში გაგრძელდება, თუმცა კოვიდსიტოაციის გათვალისწინებით, ლექციები შერეულ რეჟიმში ჩატარდება.

„რეკომენდაციების დაცვით, გადაწყობილი გვაქვს სასწავლო გარემო და აუდიტორიები. ვიცავთ სიფრთხილის ყველა ზომას შესაბამისად, სწავლება ისევ ჰიბრიდული მეთოდით განახლდება. აკადემიური რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო და 28 თებერვალამდე გაგრძელდება. ამით გავარკვევთ, რამდენი სტუდენტია ჯგუფებში. თუ სტუდენტების დიდი რაოდენობაა, მათ ლექციები დისტანციურად ჩაუტარდებათ, ხოლო სემინარები აუდიტორიებში, სემინარების დროს დაიყოფიან ჯგუფებად“, - განაცხადა „მეცხრე არხთან“ მაკა ბერიძემ.

გაზაფხულის სემესტრი უნივერსიტეტში 4 ივნისს დასრულდება. რაც შეეხება გამოცდებს და მასთან დაკავშირებულ დამატებით ვადებს - ეს პროცესი 9 ივლისამდე დასრულდება.
| Print |