განათლება
2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამოქალაქო განათლების გამოცდა არ ჩატარდება
2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამოქალაქო განათლების გამოცდა არ ჩატარდება, რადგან ის დამატებით საგნად არც ერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა აირჩია.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, უმაღლეს სასწავლებლებს დეკემბრამდე ჰქონდათ უფლება საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტების მისაღებად, დამატებით ჩასაბარებელი საგნები აერჩიათ. 2021 წლის ცნობარში ჩანს, რომ არც ერთ უნივერსიტეტს მისაღებ გამოცდებში სამოქალაქო განათლება მითითებული არ აქვს, სწორედ ამიტომ, ამ საგანში აბიტურიენტებისთვის არც კრებულია გამოქვეყნებული.

უნივერსიტეტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მისაღებ გამოცდებზე დამატებითი საგნები კონკრეტული პროგრამების მოთხოვნებიდან გამომდინარე აირჩიეს და მათ შორის სამოქალაქო განათლება ვერ მოხვდა.

გასულ წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფოს მიერ სამი სავალდებულო საგანია განსაზღვრული ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია ან მათემატიკა. უნივერსიტეტებს სურვილის მიხედვით განსაზღვრულ ვადაში აქვთ საშუალება ამ ჩამონათვალს კონკრეტულ პროგრამაზე მოსახვედრად დამატებითი საგანი დაამატონ, თუმცა მათი მხრიდან საგნების არჩევის ვადა უკვე დასრულებულია. აბიტურიენტებს კი, სასურველ პროგრამებზე საჭირო საგნების ჩამონათვალის ნახვა 2021 წლის საგამოცდო ცნობარში შეუძლიათ.

edu.aris.ge
| Print |