განათლება
ახალციხელი სტუდენტი საზღვარგარეთ მოპოვებული გრანტის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას
ახალციხელი ნინო ჟუჟუნაძე შემოდგომიდან სწავლას მინერვას უნივერსიტეტში, სან-ფრანცისკოში დაიწყებს. 18 წლის სტუდენტი უჯრედული ბიოლოგიის, კონკრეტულად კი გენეტიკური ინჟინერიის შესწავლას აპირებს. აპლიკაცია მსოფლიოს ხუთ სასწავლებელში გასული წლის შემოდგომაზე გააგზავნა, აქედან ოთხში უკვე ჩაირიცხა, მეხუთედან კი პასუხს ელის. ამ უნივერსიტეტებიდან მისი რჩეული მინერვაა, რომელიც სწავლის მეთოდისა და მიდგომების მიხედვით შეარჩია. უჩვეულოა, მაგრამ ყველა სემესტრს სხვადასხვა ქალაქში ისწავლის.

უნივერსიტეტი სწავლის გადასახადს - 21 000 აშშ დოლარს უფინანსებს, თუმცა ამის გარდა, არის ხარჯი, რომლის გაღებაც თავად მოუწევს. ეს დაახლოებით, 5 000 დოლარს შეადგენს. ნინომ ამ თანხის ნაწილი 30 ივნისამდე უნდა მოაგროვოს, დანარჩენი ნაწილი კი გამგზავრებისას სჭირდება - ნინო 26 აგვისტოს უკვე სან-ფრანცისკოში უნდა იყოს.

იმის გამო, რომ ოჯახს ამ თანხის მოგროვება გაუჭირდა, ნინომ განათლების სამინისტროს, საერთაშორისო განათლების ცენტრსა და ახალციხის მერიას მიმართა, ყველა უწყებიდან უარი მიიღო. განუმარტეს, რომ ამ ტიპის დაფინანსება მათ კომპეტენციაში არ შედის ან შესაბამისი ბიუჯეტი არ აქვთ. ნინო იძულებული გახდა, თავისი მდგომარეობის შესახებ ფეისბუკზე დაეწერა და მხარდაჭერა საზოგადოებისთვის ეთხოვა. ამის გარდა, სტუდენტმა ინგლისურში მოსწავლეების მომზადება დაიწყო.

ნინო ჟუჟუნაძე მე-11 კლასამდე ახალციხის #1 საჯარო სკოლაში სწავლობდა. შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის დაფინანსებულ პროგრამაში ჩაერთო და თბილისში, ახალ სკოლაში სწავლის დაფინანსება მოიპოვა. ორი წელი აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ისწავლა და საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომი მიიღო.

სწავლას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით რომ გააგრძელებდა, ეს სამი წლის წინ გადაწყვიტა. ფიქრობს, რომ მისი მომავალი მეცნიერებას, ბიზნესს და განათლებას უკავშირდება. კარიერის გრძელ გზაზე მაგისტრის და დოქტორის ხარისხის მოპოვებას, დამოუკიდებელი კვლევების ჩატარებას, უჯრედის შესწავლას და სასწავლო ლაბორატორიის გახსნას აპირებს.

ქართულ სამეცნიერო საზოგადოებაში დაბრუნდება, როცა ქვეყანაში პროცესები დაწყნარდება და მეცნიერება სახელმწიფოს პრიორიტეტულ დარგებს შორის მოხვდება.

ნინოს მხარდაჭერის მსურველებს თანხის ცარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის შემდეგ ნომრებზე:

თიბისი ბანკი - GE21TB7103145061100103 მიმღები ნინო ჟუჟუნაძე

საქართველოს ბანკი - GE89BG0000000858132600 მიმღები ანა მეტრეველი.
| Print |