განათლება
სამედიცინო ხალათები და ერთჯერადი ხელთათმანები - რა უჯდება გამოცდების ცენტრს კოვიდრეგულაციების დაცვა?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძის განცხადებით, 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კოვიდრეგულაციები განსაკუთრებულად იქნება დაცული და მონაწილეების ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება.

„ამ ეტაპზე რეგულაციები, რითაც ვხელმძღვანელობდით შარშან, არის იგივე, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას და ვფიქრობ, რომ უკვე მალე იქნება დაზუსტებული რეკომენდაციები. ამის შემდეგ, პანდემიასთან დაკავშირებით აბიტურიენტების ყველა კითხვას გავცემთ პასუხს“, – განცხადა სოფიო გორგოძემ 7 ივნისს.

მედიკოსების მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს მუშაობა დაწყებული აქვს და შესაბამის შესყიდვებსაც გეგმავს. მაგალითად, გამოცდების პერსონალისთვის საჭირო ერთჯერად სამედიცონო ხალათებში ცენტრი 20 230 ლარის გადახდას აპირებს, სულ შესაძენია 14 450 ცალი სამედიცინო ხალათი. ცენტრი 34 800 ლარის გადახდას აპირებს 60 000 წყვილი ერთჯერადი ხელთათმანის შესაძენად.

აღნიშნული საშუალებების გარდა, COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ, გამოცდების ცენტრი დამცავ ბარიერებს, პირბადეებს და სხვა სამედიცინო მოწყობილობებს გამოიყენებს.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება და ჯამში ყველა სახის გამოცდაზე ცენტრი 80-ათასზე მეტ აპლიკანტს უნდა მოემსახუროს. ქვეყნის მასშტაბით სულ 25 საგამოცდო ცენტრი იქნება გახსნილი.
| Print |