განათლება
გამოცდამდე კორონავირუსი 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსი 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა. მათთვის დამატებითი საგამოცდო სესია დაინიშნება.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს აბიტურიენტები ვერ გამოცხადდნენ, შევახსენებ მათ, რომ მათთვის დამატებითი საგამოცდო სესია დაინიშნება. გუშინ, რეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა გამოცდაზე, გვქონდა დაგვიანების 6 შემთხვევა და გამოცდიდან მოხსნის ფაქტი საბედნიეროდ, გუშინ არ გვქონია“, - განაცხადა გორგოძემ.

ვირუსი 20-მდე აბიტურიენტს დაუდგინდა გუშინ. აქედან გამომდინარე, ჯამში 50-მდე აბიტურიენტია ინფიცირებული. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 1-ელ ივლისს დაიწყო, 14 ივლისიდან კი, პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

წელს ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია მოწყობილი. გამოცდებს 83 600 პირი აბარებს, მათ შორის 39 ათასამდე აბიტურიენტია.
| Print |