განათლება
ახალციხელი ივა აღლემაშვილი ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობს
ბიოლოგიის (IBO 2021) რიგით 32-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველი მოსწავლეები ასპარეზობენ. წელს ოლიმპიადა პორტუგალიაში იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის მოსწავლე იღებს, თუმცა მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების გამო, ქართველი მოსწავლეებისთვის ოლიმპიადის თეორიული და პრაქტიკული ტურები დისტანციურად იმართება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.

შესარჩევი ტურები 19 ივლისს, თბილისის დროით 09.00 საათზე დაიწყო და 21 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ ტურებს ქართველი მოსწავლეები, თსუ, უნივერსიტეტის XI-ე (ბიოლოგების) კორპუსიდან დაესწრებიან, სადაც საგამოცდო ოთახი, IBO-2021-ის საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად მოეწყო და კომპიუტერული ტექნიკითა და სამეთვალყურეო კამერებით აღიჭურვა. გარდა ამისა, მაქსიმალურად დაცულია პანდემიის საწინააღმდეგო ყველა მოთხოვნა.

ინფორმაციას შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა დისტანციურად ტარდება, ექსპერიმენტული ტურის ყველა იმ აქტივობას მოიცავს, როგორიცაა ჟიურის სხდომები, კენჭისყრა, ამოცანების განხილვა, დამტკიცება და თარგმნა.

ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IBO) საქართველო 2011 წლიდან მონაწილეობს. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობით და ხანგრძლივი გამოცდილებით. მათი მიზანია აღნიშნულ დისციპლინებში მოსწავლეების ცოდნის და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა. ოლიმპიადის შედეგები IBO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დაიდება.
| Print |