განათლება
იმისთვის, რომ სკოლა და უნივერსიტეტი იყოს უსაფრთხო, ყველა მასწავლებელი, პროფესორი და სტუდენტი უნდა იყოს აცრილი - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეს სწავლის დაწყების პერიოდისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარების პროგნოზირება უჭირს, თუმცა აცხადებს, რომ უსაფრთხო სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის, საჭიროა პერსონალის აცრა.

„მიმდინარე პანდემიის დროს პროგნოზები ძალიან ძნელი საქმეა. მოგეხსენებათ, რომ დელტა შტამი დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება. ჩვენი დაკვირვებებითაც, თუ შარშან ყოველკვირეული ბიჯი იყო 3 ათასი შემთხვევის მატება, ახლა გვაქვს დაახლოებით 6 ათასი შემთხვევის მატება ყოველკვირეულად. გამოჩნდა ახალი შტამები, აშშ-ში, რაც მეტი აუცრელი ადამიანია დედამიწაზე, მით მეტი შანსია გაჩნდეს ახალი მუტანტი შტამები, რა თვისებების იქნება ეს შტამები, ამის წინასწარ თქმა ძალიან ძნელია.

აქედან გამომდინარე, მე ძალიან გამიჭირდება ვთქვა, რა მოხდება სწავლის დაწყების პერიოდისთვის. მე შემიძლია მხოლოდ ერთი ვთქვა, იმისთვის, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო, ყველა მასწავლებელი უნდა იყოს აცრილი, არათუ მასწავლებელი, მთელი პერსონალი. იმისთვის, რომ უმაღლესი სასწავლებლები იყოს უსაფრთხო, ყველა სტუდენტი და პროფესორიც აცრილი იყოს. ვინც სასწავლებლად მიდიან საზღვარგარეთ, მათ უწერიათ, რომ არ მიიღებენ კამპუსებში, თუ არ იქნებიან აცრილები. მე იმედი მაქვს ჩვენი უმაღლესი სასწავლებლებიც გაითვალისწინებენ ამას“
, - განაცხადა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან ონლაინ პრესკონფერენციისას.
| Print |