განათლება
საკლასო ოთახებში თუ ონლაინ - სწავლის დაწყების ფორმატზე ჯანდაცვის სამინისტრო იმსჯელებს
როგორ განახლდება სასწავლო პროცესი სკოლებში - ამაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კომენტარი დღეს, 16 აგვისტოს გააკეთა და ჟურნალისტებთან ამჯერად, მოკლე, ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო მოვლენებს აკვირდება და რეკომენდაციების გაცემა 4 სექტემბრის შემდეგ, ეპიდვითარების მიხედვით შეეძლება.

„ჯერ უნდა დაველოდოთ 4 სექტემბრისთვის რა მდგომარეობა გვექნება და ამის შემდეგ შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. მე ვთვლი, ნაადრევია ამაზე საუბარი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 10.4%.
| Print |