განათლება
„ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, სკოლები არ დაკეტონ“ - ჯანმო და იუნისეფი
„ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, სკოლები არ დაკეტონ, ხოლო ყველა სკოლას მოვუწოდებთ, აამოქმედონ კორონავისურის რისკის შესამცირებლად საჭირო ზომები“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და იუნისეფის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„პანდემიამ გამოიწვია განათლების ყველაზე კატასტროფული შეფერხება ისტორიაში. მნიშვნელოვანია, რომ სწავლა საკლასო ოთახებში შეუფერხებლად გაგრძელდეს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გახსნან სკოლები და მოვუწოდებთ ყველა სკოლას, მიიღონ ზომები კოვიდ 19-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად, - აცხადებს ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი, ჰანს კლუგე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალურ დირექტორთან, ფილიპ კორისთან ერთად გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, კორი განცხადებაში აღნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება, თუმცა ბავშვებსა და ახალგაზრდებს განათლების მიღებაში ხელი წელს აღარ უნდა შეეშალოთ.

„პანდემია არ დასრულებულა. ბავშვებსა და ახალგაზრდებს შეფერხებული სწავლის კიდევ ერთი წელი არ უნდა ჰქონდეთ. ისინი პანდემიის ჩუმი მსხვერპლი არიან,“ - აცხადებს ფილიპს კორი.

ჯანმო და იუნისეფი მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვაქცინაციის პროგრამების პირველადი სამიზნე ჯგუფები მასწავლებლები და სკოლის სხვა თანამშრომლები უნდა იყვნენ. ამასთან, აცრა უნდა გაუკეთეს 12 წლის ასაკიდან ყველა ბავშვს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ამასთან, ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ სასკოლო გარემო უსაფრთხო უნდა იყოს კლასებში მოსწავლეების რაოდენობის შეძლებისდაგვარად შემცირებით, საკლასო ოთახების ვენტილაციის უზრუნველყოფით, ფიზიკური დისტანციის წესების დაცვით და სკოლის პერსონალისა და მოსწავლეებისთვის კოვიდტესტების რეგულარულად ჩატარებით.
| Print |