განათლება
2021 წლის აბიტურიენტთა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა
2021 წლის აბიტურიენტთა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია უკვე ცნობილია. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 30 აგვისტოს გამოაქვეყნა.

უწყების ინფორმაციით, გამოცდებში მონაწილე 38 400-ზე მეტი აბიტურიენტიდან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 29 362-მა აბიტურიენტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი.

სახელმწიფო გრანტი გადანაწილდა 6 500-ზე მეტ სტუდენტზე, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი სწავლას 4 200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს. ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1 330-ზე მეტი გამოსაცდელი.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, გაიზარდა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჯერ ქართულ ენას ეუფლებიან და შემდგომ აგრძელებენ კონკრეტული მიმართულებით სწავლას. შარშანდელთან შედარებით წელს ამ პროგრამებზე დაახლოებით, 300 აბიტურიენტით მეტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.

"აბიტურიენტთა პირველი არჩევანის მიხედვით, სხვა წლების მსგავსად, სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია და ჯანდაცვის მიმართულება ლიდერობს. წელს გამოიკვეთა განსხვავებული ტენდენციაც. მოთხოვნად მიმართულებებს შორის ასევე შეიძლება აღინიშნოს გრაფიკული დიზაინი, საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება, ვეტერინარია, კომპიუტერული მეცნიერებები"

იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია საბოლოო შედეგების თაობაზე, უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს საკუთარ შედეგს, ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე.

საბოლოო შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ – გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ცხრანიშნა ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.
| Print |