განათლება
"სტუდენტების აცრა არ შეიძენს დაძალებით ხასიათს" - რექტორი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდა უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე - ბაკალავრიატზე, მაგისტრატურასა და სადოქტორო პროგრამებზე.

უნივერსიტეტს წელს 330 პირველკურსელი ეყოლება. მათთვის, ერთი კვირის განმავლობაში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გაიმართება, რომელიც ასევე დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სტუდენტებს რექტორი მაკა ბერიძე ონლაინ ხვდება და მათ კითხვებს პასუხობს. როდის განახლდება სწავლა აუდიტორიებში - ჯერ არ იციან. ოთხ ოქტომბერს, ეპიდსიტუაციის შესწავლის შემდეგ, განათლების სამინისტრო შესაბამის რეკომენდაციას გასცემს.

რექტორი მაკა ბერიძე ამბობს, რომ პირველკურსელებს კითხვები ძირითად, აუდიტორიებში სწავლის განახლების შესახებ აქვთ.

"სერიოზული ყურადღება გავამახვილე ცრის საკითხზე. ცალსახად განვუმარტე, რომ ნებაყოფლობითი აცრის საშუალება ექნებათ, მხოლოდ სტუდენტის ნებაზეა დამოკიდებული, აიცრება თუ არა და ის არ იქნება სავალდებულო, არ შეიძენს დაძალებით ხასიათს. ამაზე არ იქნება დამოკიდებული არც სწავლის ფორმატი და არც ლექციაზე დასწრება ან დაუსწრებლობა. თუმცა რეკომენდაციის სახით ვუთხარით, რომ ჯანმრთელობისთვის, იმისთვის, რომ მალე გადავიდეთ პირისპირ რეჟიმზე, უმჯობესია ავიცრათ და ერთად დავამარცხოთ კოვიდი".

| Print |