განათლება
სამცხე-ჯავახეთის სტუდენტებისთვის ფრანგულის შემსწავლელი კურსი გახსნება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ფრანგული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნება.

ინიციატივის შესახებ რექტორმა საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. მაკა ბერიძის თქმით, ეს დაეხმარება ახალგაზრდებს, რომ ჯერ ენა, შემდეგ კი ფრანგულ უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამებით ისწავლონ.

საფრანგეთში სწავლის, სასტიპენდიო პროგრამებისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ ინფორმაცია საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშემ სტუდენტებს გააცნო. ნასტასია დომპსის თქმით, მათ აქვთ როგორც ერთი, ისე ორწლიანი სამაგისტრო პროგრამები. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, წლის განმავლობაში საქართველოდან დაახლოებით, 150 - 200 სტუდენტი მიემგზავრება. მათ შორის ჯერ არ ყოფილა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

უნივერსიტეტის რექტორმა, ფრანგულ უნივერსიტეტებთან სამეცნიერო ღონისძიებებში თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრა. მაკა ბერიძის თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულება ფრანგული ინსტიტუტთან სამი მიმართულებით ითანამშრომლებს - ქართველოლოგია, ასტრონომიის სადოქტორო პროგრამა და ვეტერინარიის მიმართულება.

| Print |