განათლება
თაობა ონლაინ იზრდება, სამინისტრო პასუხისმგებლობას გაურბის
სამცხე-ჯავახეთში ცხრა სკოლა დაიკეტა. მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილები უტარდებათ. დისტანციურად სწავლობენ რეგიონის 13 სკოლის 50 კლასში. ორი წელია, მოსწავლეებს საკლასო ოთახებიდან - დისტანციურ გაკვეთილზე გადაჯდომა უწევთ. ამ ხნის განმავლობაში არაერთი ტექნიკური პრობლემა მოუგვარებელი დარჩა.

„დიდი ოჯახი გვაქვს, იქით ჭურჭელი ირეცხება, სადილი მზადდება, აქეთ ტელევიზორია ჩართული, მაგრამ გაკვეთილების პერიოდში ყველა ჩუმდება სახლში“, - ამბობს სამი შვილის მამა, ხელოვნების პედაგოგი ზურა ინასარიძე პირველკლასელებთან ონლაინ გაკვეთილის მომზადებისას. რესურსებს ინტერნეტში ეძებს, ცდილობს, რომ ისეთი ციფრული მასალა შეარჩიოს, რომელიც ეკრანთან მსხდომ მოსწავლეებს ახალი გაკვეთილის ათვისებაში დაეხმარება.

„დასწრებასთან დაკავშირებით არის პრობლემები, ვიღაცას ინტერნეტი არ უვარგა და ვერ ერთვება, ვიღაცას ტექნიკური გაუმართაობა ან სხვა პრობლემა აქვს. ზოგი მიდის სოფელში, სადაც ინტერნეტი არ არის და ესეც უშლის ხელს“.

ეს დისტანციური სწავლების პრობლემების ნაწილია. ზურა ინასარიძე სამი შვილის მამაა. სამივე სკოლის მოსწავლეა. მშობელს არ გასჭირვებია იმის შემჩნევა, ეპიდვითარებასთან ერთად, როგორ იცვლება ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

„რაც არ უნდა შეგუებულები იყვნენ ამ გარემოებას, თავისებური სტრესია. როგორც კი მოიმატებს შემთხვევები, ჩავკეტავთ ბავშვებს სახლში და პროტესტის გრძნობა უჩნდებათ, ხასიათშიც გამოუვლინდათ. თუმცა, სამნი არიან და ერთად ერთობიან".

ნინო მღებრიშვილი შვილების ონლაინ გაკვეთილებს სამსახურიდან ესწრებოდა. ასე ცდილობდა გაეკონტროლებინა, რამდენად აქტიურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში მისი მეხუთე და მეშვიდეკლასელი შვილები. ორწლიანი დისტანციური სწავლების დროს მშობელი ცდილობდა, რომ ბავშვებისთვის საკლასო გარემო სახლში შეექმნა. როცა ონლაინ გაკვეთილების მიმართ ინტერესი დაკარგეს, ბავშვების დაინტერესება სხვადასხვა აქტივობებით სცადა.

„ძალიან ბევრ პრობლემას ვაწყდებოდი. მოსწავლეების 80%-ს არ ჰქონდა ტექნიკა. „ბუკები“ კი მოგვცეს პირველ კლასში, მაგრამ ვერ უძლებს „თიმსის“ სიმძლავრეს და ითიშებოდნენ ბავშვები. მთელი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელს უწევს სია ხელახლა ამოიკითხოს. გაკვეთილი გადის მასწავლებლის კითხვაში - ბავშვებო, აქ ხართ? დიახ მას. შეუძლებელია ვისწავლოთ ასე. ეს არ არის არც მასწავლებლის და არც მოსწავლის ბრალი“.

ნინო ფიქრობს, რომ მოსწავლეები საკლასო ოთახში უნდა სწავლობდნენ. ამისთვის კი უსაფრთხო გარემოა საჭირო, რომელიც განათლების სამინისტრომ უნდა შექმნას. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა ცვლაში ისწავლონ, რაც მობილობას და ბავშვების ერთმანეთთან კონტაქტს მინიმუმამდე შეამცირებს.

„ამ პირობებში, დისტანციური სწავლა არის დროის გაყვანა. მაპატიონ მასწავლებლებმა, მათთვისაც ძალიან ძნელია 25 მოსწავლე აკონტროლო, ხმა არ გაითიშოს, ძალიან ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია ამ პროცესის მართვა“.

პროცესს მეორე წელია ვერც ნინო ზარიძე მართავს. ერთი მობილური ტელეფონით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლექციებს, მისი შვილი კი გაკვეთილებს უნდა დაესწროს. მომავალი პედაგოგი ხშირად დგება არჩევანის წინაშე - თავად გააცდინოს ლექცია თუ მისმა მესამეკლასელმა შვილმა - დისტანციური გაკვეთილი.

„მქონდა ლექცია, მაგრამ ბევრჯერ დამითმია შვილისთვის, რომ ესწავლა. იმის საშუალება არ მაქვს, რომ შევიძინო ტექნიკა. შვილზე ვნერვიულობ, რომ არ დარჩეს სწავლის გარეშე, ცალკე იმაზე, რომ მე არ გამეცდინა სემინარები. ძალიან ძნელია ამ პირობებში“.

მსგავსი გამოწვევების წინაშე საქართველოში 50 400 ბავშვია. გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15%-ს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი ამბობს, რომ ამის გამო, ონლაინ სწავლება ბავშვებს თანაბარი განათლების მიღების შესაძლებლობას ართმევს და ხელს უწყობს დაკარგული თაობის ჩამოყალიბებას. გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციაა, რეგულაციების გამკაცრების დროს „სკოლები დაიკეტოს ბოლოს და გაიხსნას პირველი“.

„სკოლებში ბავშვების დასნებოვნების ალბათობა ძალიან დაბალია, ამიტომ UNICEF-ის რეკომენდაცია არის, რომ სწავლა გაგრძელდეს როგორც სკოლებში, ასევე ბაღებში. გარდა იმისა, რომ ისინი ბევრად უკეთესად სწავლობენ როდესაც დადიან სკოლებში, ასევე მათ აქვთ ერთმანეთთან სოციალიზაციის საშუალება, ფიზიკური აქტივობის საშუალება, თამაშის და გართობის საშუალება, რაც ბავშვის უფლებების კონვენციის მიხედვით, ერთ-ერთი უფლებაა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს საშუალება სკოლაში სიარულის, გაკვეთილებზე დასწრების, თანაბარი მონაწილეობის მიღების“, - ამბობს UNICEF-ის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი. მაკო ყუფარაძე დისტანციური სწავლებისას საყურადღებოდ მიიჩნევს არა მხოლოდ ბავშვების პრობლემებს, არამედ სირთულეებს, რომლებიც პედაგოგებს ექმნებათ.

„მასწავლებლების დიდ ნაწილს არ აქვს უნარი, რომ ჩაერთოს ონლაინ გაკვეთილებში, მათ არა თუ კომპიუტერული უნარები არ გააჩნიათ, არამედ საგნობრივი უნარებიც. არ იცის, თუ როგორ შეიძლება მოსწავლისთვის საინტერესოდ და ეფექტურად ჩაატაროს ონლაინ გაკვეთილი ისე, რომ ბავშვს ჰქონდეს ინტერესი და მოტივაცია გაკვეთილზე დასწრების, მონაწილეობის მიღების, ბავშვმა არ დაიძინოს, არ მოიწყინოს და არ შევიდეს წინააღმდეგობაში იმ საგაკვეთილო მოცემულობასთან, რომელსაც არაეფექტური ონლაინ გაკვეთილი სთავაზობს“.

რა გააკეთა ორი წლის განმავლობაში განათლების სამინისტრომ, რომ გაკვეთილები უფრო საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული ყოფილიყო, უფრო ნაკლებ მოსწავლეს ჰქონოდა ტექნიკური პრობლემა, სწავლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულიყო, მასწავლებლებს დაეხვეწათ დისტანციურად მუშაობის უნარ-ჩვევები, სკოლაში სწავლა ყოფილიყო უსაფრთხო - ამ კითხვების დასმა განათლების სამინისტროში ვცადეთ, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ერთი კვირაა, არ პასუხობენ. საჯარო ინფორმაცია ოფიციალურად, წერილობით გამოვითხოვეთ. სამინისტროს პოზიციას პასუხის დაბრუნებისთანავე გაგაცნობთ.

განათლებაზე მთავარი პასუხისმგებელი უწყება მხოლოდ მშრალ სტატისტიკურ ინფორმაციას აქვეყნებს, მაგალითად, ასეთს: „ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელთა 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს“. ამ დროს სამცხე-ჯავახეთში 50 კლასი, ანუ, სულ მცირე, 500 ბავშვი დისტანციურად სწავლობს.
| Print |