განათლება
განახლდა თუ არა სასწავლო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში?
ზამთრის სასკოლო არდადეგების შემდეგ, სასწავლო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში განახლდა. ამის შესახებ "მეცხრე არხს" ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. ხათუნა ხმალაძის ინფორმაციით, მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოება სკოლებში მაქსიმალურად არის დაცული.

"სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს. ტესტირების პროცესშიც ყველა სკოლა არის ჩართული. სწავლის დაწყებამდე ყველა პედაგოგი გაიტესტა. შეფერხება არ არის არც გათბობის და არც ტრანსპორტირების კუთხით," - განმარტავს ხათუნა ხმალაძე.

სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა. მისი რეკომენდაციით, ბავშვებმა, რომლებიც არ არიან აცრილები და პარალელურად აქვთ ქრონიკული დაავადებები, სასურველია სწავლა ონლაინ რეჟიმში გააგრძელონ. მისივე თქმით, ონლაინსწავლება უნდა გააგრძელოს მრავალსულიან ოჯახში მცხოვრებმა ბავშვმაც.

"მე, როგორც ექიმი იმ ოჯახებს, რომელთა ბავშვები არიან აუცრელები და თან რომელიმე ქრონიკული დაავადებების მატარებლები, მაგალითად სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის, ნევროლოგიური პრობლემების და ასე შემდეგ, ასეთ ოჯახებს ვურჩევდი ბავშვების ონლაინ სწავლებაზე დატოვებას. მეორე მხრივ ბავშვი შეიძლება იყოს აცრილი და სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ ოჯახი იყოს მრავალსულიანი და ჰყავდეთ ასაკოვანი ადამიანები ოჯახში. ასეთ ადამიანებსაც ვურჩევდი ონლაინ რეჟიმზე გადასვლას. სხვა შემთხვევაში სკოლა უნდა გაგრძელდეს ჰიბრიდული წესით. წერტილოვანი ჩაკეტვები იქნება, რეგულაციები არსებობს. მესმის, ძალიან რთულია პირბადის ტარება ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, მაგრამ სწორი ახსნის და მაგალითების ჩვენების პირობებში შესაძლებელია. ამიტომ, მშობლებს ვთხოვ მათი და სკოლის უსაფრთხოების მიზნით ბავშვებს გაუკეთონ პირბადე", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73%-ია ვაქცინირებული.
| Print |