განათლება
ავარიული ბაღის დემონტაჟს და მშენებლობას პეტიციით ითხოვენ
ახალციხეში მეოთხე საბავშვო ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი და ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა სურთ. ამ მოთხოვნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საკრებულოში დღეს, 13 აპრილს პეტიცია შეიტანა, რომელსაც კანონის მიხედვით, ხელს აწერს 360 მოქალაქე.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორი თამუნა უჩიძე ამბობს, რომ ე.წ. „ჯაყელების ბაღი“ უმძიმეს მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება.

ამ ტერიტორიაზე ახალი ბაღის მშენებლობის პირობა ჯერ კიდევ 2016 წელს, მაშინდელმა მერმა გიორგი კოპაძემ გასცა და 40 000 ლარად პროექტიც შეიძინა, თუმცა ენერგოეფექტური ბაღის პროექტი ამ დრომდე თაროზეა შემოდებული. მის განხორციელებას საშუალოდ, 4,5 მლნ. ლარი სჭირდება.

ახალციხის მეოთხე ბაღი 1 600 კვ.მ. ტერიტორიას მოიცავს. ამორტიზებული შენობის გამო, ამ უბანში მცხოვრებ მოქალაქეებს ბავშვები ქალაქის სხვადასხვა სკოლამდელ დაწესებულებებში დაჰყავთ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ბოლო ოთხ წელში, ახალციხის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის 7 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა ე.წ. „ჯაყელების ბაღი“ მთავრობის პრიორიტეტებში ვერ მოხვდა.

რა გეგმა აქვს თვითმმართველობას ე.წ. „ჯაყელების ბაღთან“ დაკავშირებით და როდის დაიწყება ამ ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა - პასუხს ამ დრომდე ველით ახალციხის მერიიდან და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან.

| Print |