განათლება
სოფელ ანის საჯარო სკოლის მოსწავლემ ესეების კონკურსში გაიმარჯვა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, პირველი ადგილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მზია კაპანაძემ დაიკავა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გამარჯვებულებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვის მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებზე, მათ შორის, კანონპროექტების შემუშავებაზე, ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე; თუმცა, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ ჩვენი ძალისხმევა არ იქნება შედეგიანი, თუ ამ ყველაფერს განათლებით არ გავამყარებთ. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით გამართული კონკურსები კი, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და მათ დაინტერესებას”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

კონკურსში ,,გარემოსდაცვითი განათლება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში’’ მონაწილეობის მიღება შეეძლოთ IX, X, XI, XII კლასის ყველა იმ მოსწავლეს, რომლებიც დაინტერესებული არიან გარემოსდაცვითი საკითხებით და იაზრებენ გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობას. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოეყოლათ საკუთარი უნიკალური ისტორია და გაეზიარებინათ ხედვები გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობის შესახებ.
| Print |