განათლება
სამცხე-ჯავახეთის სტუდენტები თამაზ ბექაიას სახელობის სტიპენდიას მიიღებენ

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიას მიიღებს. ფონდსა და უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი დღეს, 23 მაისს გაფორმდა.

ორგანიზაცია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს აფინანსებს. ისინი სემესტრულად 300 ლარს მიიღებენ. ფონდის გადაწყვეტილებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელიწადში ექვსი (სემესტრში სამი) - ქართული ფილოლოგიის, აგრონომიის და ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტი დაფინანსდება. ამის გარდა, ერთჯერადი პრემია გადაეცემა იმ აბიტურიენტს, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველაზე მაღალი ქულებით ჩაირიცხება.

„თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი“ სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით 2021 წელს შეიქმნა და მის მთავარ მისიას უმაღლესი განათლების ხელშეწყობა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა წარმოადგენს.
| Print |