განათლება
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება - ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, საგამოცდო სამზადისი დასრულებულია და ქვეყნის მასშტაბით არსებული 22-ვე ცენტრი გამოსაცდელების მისაღებად მზადაა.

2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. საქართველოს მასშტაბით გახსნილი ცენტრები წელს დარეგისტრირებულ 90 000 ათასამდე გამოსაცდელს მოემსახურება.

რეგისტრაცია ოცდაორივე საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყება. მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდის კი - 15:00 საათი.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, 2022 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებას საერთო სამაგისტრო გამოცდას და სტუდენტთა საგრანტო კონკურსს უწევს, ასევე საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას წარმართავს.

ცენტრი ყველა გამოსაცდელს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ საგამოცდო ცენტრის მისამართის, თითოეული გამოცდის თარიღის, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დროისა და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მითითებულია საგამოცდო ბარათზე. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე გამოსაცდელი დროულად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით გამოცხადდეს.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

წელსაც ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
| Print |