განათლება
ახალციხელი აბიტურიენტების მაღალი შედეგები ისტორიის გამოცდაში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს აბიტურიენტთა პირველადი შედეგები ისტორიასა და ზოგად უნარებში გამოაქვეყნა. მაღალი შეფასებები მიიღეს ახალგაზრდებმა ახალციხეშიც. მათმა ნაწილმა გამოცდის ქულები "მეცხრე არხსაც" გაუზიარა.

პირველადი შედეგების მიხედვით, 60-იდან 59 ქულა აიღო ისტორიის გამოცდაში ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დეა ერეკლიშვილმა. მაქსიმალურ შედეგს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა ინგლისური ენის გამოცდაში და 78 ქულა მოიპოვა, ხოლო ქართულ ენასა და ლიტერატურაში იგი 60-იდან 50 ქულას დასჯერდა.

"ისტორიის ქულას მოუთმენლად ველოდი, რადგან ალბათ სხვა საგნებთან შედარებით ისტორიას უფრო დიდი ენერგია დავახარჯე, მით უმეტეს რომ თავიდანვე მქონდა დასახული მიზნად მაღალი ქულის აღება ამ საგანში და შესაბამისადაც ვიმეცადინე. ქართულის გამოცდას რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ, მაგრამ არა ქულის გამო. ისეთ კრიტერიუმებში დავკარგე ქულა, რომელსაც, ჩემთვის შედარებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ზოგადად ვთვლიდი და ვთვლი, რომ მეტი შემეძლო", - ამბობს დეა ერეკლიშვილი..

57 ქულა მოიპოვა ისტორიის გამოცდაში ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თაკო პეტაშვილმა. მაღალი შედეგი დადო დანარჩენ საგნებშიც. მან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში 60-იდან 58 ქულა მიიღო, ხოლო ინგლისურ ენაში - 80-იდან 76 ქულა.

"სიმართლე გითხრათ,დიდი შრომის შემდეგ ასეთ შედეგს ნაწილობრივ ველოდი.ისტორიის ქულა ჩემთვის გადამწყვეტი იყო,ვინაიდან,როგორც წესი,მესამე საგნის ქულა განაპირობებს დიდწილად გრანტსაც", - აღნიშნავს "მეცხრე არხთან" თაკო პეტაშვილი.

თაკოს მსგავსად, ისტორიის გამოცდაში 57 ქულა აიღო ახალციხის კერძო სკოლა "მზექას" კურსდამთავრებულმა ნინი კიკაბიძემ. მან ინგლისურში 78 ქულა მოიპოვა, ხოლო ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 57. მისი თქმით, ამ შედეგს რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე მიაღწია.

"ველოდი ასეთ შეფასებას ისტორიაში. საკმაოდ კარგად ვიყავი მომზადებული გამოცდისთვის და აქედან გამომდინარე მაღალი ქულის მოლოდინი მქონდა. ჩემ ფაკულტეტზე, საერთაშორისო სამართალზე, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კონკრეტულად ამ საგანს და საკმაოდ წამადგება ეს მაღალი ქულა"
- განმარტავს ნინი კიკაბიძე.


ასევე ისტორიის გამოცდაში, მაღალი შეფასება მიიღო ახალციხის მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულმა საბა გელაშვილმაც. მან 60-იდან 56 ქულა მოიპოვა.

"ეროვნული გამოცდები, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ეტაპია ყველას ცხოვრებაში. ვფიქრობ, ისტორიის ტესტი არ ყოფილა ძალიან რთული და შესაბამისად კარგ შედეგს თავიდანვე ველოდი და მივიღე კიდეც 60/56. რაც შეეხება ქართულსა და ინგლისურს არც აღნიშნული გამოცდები ყოფილა საგანგაშოდ რთული,(ქართულში ავიღე 60/55), თუმცა გარკვეულმა ემოციურმა ფონმა მაინც თავისი გაიტანა და იმოქმედა ჩვენზე. საბოლოო ჯამში, მიუხედავად ყველაფრისა კმაყოფილი და გახარებული ვარ მიღებული შედეგებით", - ამბობს საბა გელაშვილი.

მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტების ეს სია არასრულია. ისინი გამოცდების შედეგებს ელექტრონულად, საიტზე საკუთარი მონაცემების შეყვანის შემდეგ იგებენ.

| Print |