განათლება
კერძო ბაღებს აკრედიტაციის გავლა მოუწევთ
2024 წლიდან კერძო ბაღები უმაღლესი სასწავლებლებისა და სკოლების ანალოგიურად აკრედიტაციას დაექვემდებარებიან. საგანმანათლებლო ასოციაციაში ამბობენ, რომ ლიცენზიის მოსაპოვებლად ბაღებს ამ პროცედურის გავლა დიდი ალბათობით, იგივე აკრედიტაციას ხარისხის მართვის ცენტრში მოუწევთ, რომელიც განათლების სამინისტროს ექვემდებარება. ასოციაციაში ამას ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ კერძო ბაღებმა ლიცენზიის მოსაპოვებლად აკრედიტაცია დამოუკიდებელ სსიპ-ში უნდა გაიარონ, რომელიც საგანმანათლებლო ასოციაცია „მნათის“ ხელმძღვანელის თქმით, თავად ამ ბიზნესმა უნდა დააფინანსოს.

როგორც „მნათის“ ხელმძღვანელმა, გიგი სისვაძემ განაცხადა, განათლების სამინისტროში შეიქმნა სამმართველო, რომელსაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ნებართვების გაცემასთან და მონიტორინგთან დაკავშირებით დებულებების შექმნა დაევალა.

„არსებობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კანონი, რომელიც დაახლოებით 2007 ან 2011 წელს შეიქმნა. ამ კანონით დარეგულირებულია ლიცენზირების თემა. ეს სფერო მიკუთვნებულია თვითმმართველ ერთეულებს, ანუ მერიას, რომ მათ აიყვანონ კონტროლზე ეს კერძო დაწესებულებები და გასცენ შესაბამისი ნებართვები.

ახლა, როდესაც ჩვენ ევროპასთან რატიფიცირების ხელშეკრულებაში ვიმყოფებით, ეს სტანდარტი ევროპაში საკმაოდ მაღალ დონეზეა: აუცილებელია, რომ ბავშვების გარემო იყოს უსაფრთხო, დაცული, ეს გაიდლაინები და ინსტრუქციები ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, მათ შორის ჯანმრთელობის, აზროვნების, ფსიქოლოგიური, უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ 2024 წლისთვის ისინი გადავლენ უკვე იმ მოდელზე, რომ ეს საქმიანობა ნებართვას დაუქვემდებარონ და შესაბამისი აკრედიტაცია გაიაროს, როგორც ეს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშია. სკოლებიც და უნივერსიტეტებიც აკრედიტაციას გადიან ხარისხის მართვის ცენტრში, რომელიც განათლების სამინისტროს სსიპ-ს წარმოადგენს. ანუ, გამოდის, რომ ბაღების გატარება უნდათ ამ ცალკე სამმართველოში, რომელიც განათლების სამინისტროში შექმნეს.

ჩვენი პოზიცია არის ასეთი: შეიქმნას დამოუკიდებელი სსიპ-ი, რომელიც არ იქნება საბიუჯეტო და ის დაფინანსდება ბენეფიციარების საწევროდან. ასე არსებობს მაგალითად, ადვოკატთა ასოციაცია. ანუ, მეტი კერძო სექტორი მიეცეს ამას და არა საჯარო“.

როგორც გიგი სისვაძე ამბობს, საჯარო სექტორზე დაქვემდებარება, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე უფრო მარტივია და სწორედ ამით ამართლებენ განათლების სამინისტროში შექმნილი ამ სამმართველოს იდეას.

„ეს არის არასწორი მიდგომა და ამ გზით ბიზნესის განვითარება ვერ მოხდება, პირიქით - შეკუმშვას გამოიწვევს და არა თავისუფალ ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაშვებას. ჩვენ ამ ბიზნესს თავისუფალი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა უნდა მივცეთ. თუ ისინი დამოუკიდებლობას იგრძნობენ, მათი ინტერესების დაცვა დამოუკიდებელი სსიპ-ის საშუალებით მოხდება, რომლის დაფინანსების წყარო არა ბიუჯეტი, არამედ თავისივე საწევროა, შეიქმნება კანონი ამასთან დაკავშირებით, ამ სსიპ-მა უნდა უზრუნველყოს როგორც ამისი მონიტორინგი, ასევე ამ ბაღების საქმიანობაზე ნებართვის გაცემა, რასაც აკეთებს, მაგალითად ხარისხის მართვის ცენტრი, შესაბამისად ამას მოჰყვება კადრების გადამზადება, აკრედიტაცია, სერტიფიკატების გაცემა პედაგოგებისთვის და ა.შ. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ეს თემა ამ მიმართულებით განვითარდეს. ამაზე პარლამენტს წერილიც მივწერეთ, ვთხოვეთ დისკუსია, მაგრამ ჯერ გამოხმაურება არ გვაქვს. როგორც ჩანს, აქ მათთვის საინტერესო ლუკმა არ ჩანს“.

„მნათის“ ხელმძღვანელის თქმით, ამ მიმართულებით ისინი გააქტიურებას გეგმავენ და 2024 წლისთვის, მათი პროგნოზით, ეს პრობლემა უკვე დარეგულირებული იქნება.

„ამ საკითხში ჩვენ ბიზნეს ომბუდსმენიც გვყავდა ჩართული და ვფიქრობ, მათთან საუბარი სწორედ ბიზნეს ომბუდსმენის საშუალებით უფრო სწორია. სხვაგვარად ძალიან ჭირს“, - განაცხადა საგანმანათლებლო ასოციაციის ხელმძღვანელმა გიგი სისვაძემ.
| Print |