განათლება
ახალციხეში ბავშვთა უფლებების კვირეული იმართება

გაეროს ბავშვთა ფონდი ახალციხეში მესამე საერთაშორისო კონფერენციას მართავს, რომელიც სახელმწიფო ენის სწავლებას და ეთნიკური უმცირესობების განათლების საკითხებს ეძღვნება.

კონფერენცია ბავშვთა უფლებების კვირეულის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება. ღონისძიებას უნივერსიტეტების რექტორები, სტუდენტები და ელჩები ესწრებიან.

კონფერენციაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა წარადგინეს ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების საკითხების გათვალისწინებას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში.

ბავშვთა უფლებების დამცველებმა და განათლების სპეციალისტებმა ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე იმსჯელეს.

კვირეულის ფარგლებში იუნისეფის ორგანიზებით ახალციხეში და ახალქალაქში გაიმართება ღონისძიებები ბავშვების, ახალგაზრდების, ადგილობრივი მთავრობის, რელიგიური ლიდერების და ჯანდაცვის სპეციალისტების მონაწილეობით.
| Print |