განათლება
სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულება 6 თვის ხელფასით დაფინანსდება
ფინანსთა მინისტრმა პედაგოგების დეკრეტული შვებულების ახალი წესით დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე პარლამენტში ისაუბრა. მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო, გადამუშავებულ ვერსიაში, მის დამტკიცებამდე ცვლილებები კიდევ განხორციელდება, თუმცა მინისტრმა პარლამენტს ძირითადი მონაცემები წარუდგინა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა დღეს, 17 ნოემბერს განაცხადა, სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულებების განსხვავებული წესით ანაზღაურებაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული და გათვალისწინებულია 2023 წლის ბიუჯეტში.

„განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება იზრდება 370 მილიონი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 550 მილიონ ლარს. სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 490 მილიონ ლარს და გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის პერსონალის ხელფასების 100 ლარით ზრდა. ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 655 მილიონ ლარს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სტატუსის მქონე მასწავლებელთა, ასევე, სპეციალურ მასწავლებელთა დანამატის ზრდა 125 ლარით. სკოლების ადმინისტრაციული-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ის ოდენობით, სკოლის მანდატურის ხელფასების ზრდა 125 ლარით, სკოლის ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების ხელფასების 10%-იანი ზრდა და სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების 6 თვის ხელფასის დაფინანსება. მოგეხსენებათ, აქამდე მხოლოდ 1000 ლარის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ და ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტებთან კონსულტაციით, მიღებულ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პედაგოგთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხის განხილვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჯანდაცვის კომიტეტს ჯერ კიდევ იანვრის თვეში, სკოლის მასწავლებლის, თამარ ცანავას მიერ წერილით მიმართვის საფუძველზე დაავალა.

ლაშა ხუციშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ თანხებზე, რომლებიც ინფრასტრუქტურული, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით უნდა მიიმართოს და აღნიშნა, რომ დაგეგმილია 500 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია, რისთვისაც გათვალისწინებულია 300 მილიონი ლარი. პროფესიული განათლების დაფინანსება შეადგენს 155 მილიონ ლარს, სადაც გათვალისწინებულია მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა 15-დან 18 ლარამდე. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 55 მილიონ ლარზე მეტი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე კი 250 მილიონ ლარზე მეტი მიიმართება.

ფინანსთა მინისტრმა ადამიანური კაპიტალის პროგრამის დაწყების შესახებაც გააკეთა განცხადება.

„მსოფლიო ბანკთან და საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად დაიწყო ადამიანური კაპიტალის ყოვლისმომცველი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და განათლების მიმართულებით გრძელვადიანი გამოწვევების საპასუხო აქტივობები დაიგეგმა. მსოფლიო ბანკიდან ამ პროექტებისთვის გამოიყოფა 400 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან 100 მილიონი ევრო“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

| Print |