განათლება
მეოთხე და მეექვსე კლასელები სკოლაში გამოცდებს ჩააბარებენ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, წლის ბოლოს მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე, მათემატიკაში ტესტირებით შეფასდება.

როგორც გორგოძემ განაცხადა, ცენტრი ახლა მუშაობს საპილოტე პროექტზე სახელწოდებით, „შეფასება განვითარებაზე“, რომლის მიზანია ორ საგანში ელექტრონული პლატფორმის დახმარებით, წლის ბოლოს მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება მოხდეს.

მისივე თქმით, პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში მთელ ქვეყნის სკოლებს მოიცავს, ღია და დახურული დავალებების სახით იქნება შედგენილი.

გორგოძის განმარტებით, დახურული დავალებები კომპიუტერის საშუალებით გასწორდება, ხოლო ღია დავალებებს მასწავლებლები შეასწორებენ.

„პროექტის იდეა გახლავთ ის, რომ მეოთხე და მეექვსე კლასებში ისეთი ტესტირება ჩავატაროთ, რომელიც სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ეს არ არის შეფასებები, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ქულებს იღებენ, არამედ ეს არის შეფასება, რომელიც გვეხმარება გავარკვიოთ, რა უჭირს მოსწავლეს, რაში სჭირდება დახმარება და როგორ დავეხმაროთ მათ მიაღწიოს უკეთეს შედეგებს. პროექტი საპილოტე რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ტესტირება იქნება ორ საგანში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში”, - განაცხადა გორგოძემ.

მისივე განმარტებით, თუ ელექტრონული ტესტირებების დაწყებამდე სკოლებში ტექნიკური პრობლემა შეიქმნება, ისინი ამ პრობლემას სხვადასხვა საშუალებით გადაჭრიან.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ორ თვეში კიდევ ერთ მასშტაბურ პილოტს გეგმავენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის მოიცავს პროექტი სრულად ქვეყნის მასშტაბს.
| Print |