განათლება
უფასო საკვები სკოლაში - რას გულისხმობს მოძრაობა „ხმის“ ინიციატივა?

„ვითხოვთ საყოველთაო უფასო კვებას სკოლებში“ - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც მოძრაობა „ხმამ“ წამოიწყო. მისი წევრები უკვე ერთი წელია აქტიურად მუშაობენ, რომ მათი ინიციატივა მთავრობამ მოიწონოს და სკოლაში მოსწავლეების ერთჯერადი კვება დაინერგოს.

მოძრაობის წარმომადგენელი ვახტანგ ნაცვლიშვილი „მეცხრე არხთან“ საქართველოს სკოლებში არსებულ ურთულეს მდგომარეობაზე საუბრობს და იმ ძირითად ფაქტორებს ასახელებს, რამაც მოძრაობა „ხმას“ კამპანიის დაწყებისკენ უბიძგა. ნაცვლიშვილის თქმით, ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოში 10-დან 7 ბავშვს სკოლაში შია. გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ყოველთვის (35%) ან ხანდახან (42%) მშიერია. შიმშილი კი პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე. საქართველოს საკლასო ოთახებში ბავშვები მშივრები სხედან და სწავლა უჭირთ. ხშირია სკოლაში შიმშილის გამო გულის წასვლის შემთხვევებიც.

ვახტანგ ნაცვლიშვილის თქმით, 10 000-ზე მეტ ბავშვს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია, ანუ მათ არასოდეს უვლიათ სკოლაში. კვლევების მიხედვით, უფასო სასკოლო კვება ზრდის სკოლაში მოსწავლეების დასწრების მაჩვენებელს და ამცირებს სკოლის მიტოვების და გაცდენის რისკებს.

რაც შეეხება საკვების ღირებულებას, ორგანიზაციამ დაითვალა, რა დაუჯდება სახელმწიფოს ერთი მოსწავლის გამოკვება. ამ გაანგარიშებით, ერთი მოსწავლისთვის განკუთვნილი ულუფის საშუალო ღირებულება 1.66 ლარია. შესაბამისად, ერთი მოსწავლის საკვები ბიუჯეტს წელიწადში, საშუალოდ, 266 ლარი დაუჯდება. საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეზე გათვლით, მხოლოდ საკვებზე დანახარჯი 144.8 მილიონ ლარს შეადგენს.

„გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეებისა, რომელიც სკოლაში უფასო კვებას მოაქვს, არ უნდა დაგვავიწყდეს სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობაც. რაც მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვებისთვის მოსამზადებელი საკვების ნედლეულს სახელმწიფო საბითუმო ფასად შეიძენს ადგილობრივი გლეხისგან. ეს პრაქტიკა ადაპტირებულია ამერიკის და ევროპის ქვეყნებში, მათ შორიც საქართველოს მსგავს პატარა და ნაკლებად მდიდარ ქვეყნებში და ორმაგი სარგებელი მოაქვს. პირველის ის, რომ ვითარდება ადგილობრივი სოფლის მეურნეობა, საბითუმო შესყიდვებით კი იზოგება კვებისთვის გამოყოფილი თანხა“ - ამბობს ვახტანგ ნაცვლიშვილი „მეცხრე არხთან“ საუბრისას.

მოძრაობის ინიციატორების თქმით, სკოლებში უფასო საკვების პრაქტიკის დანერგვას სამი ფუნდამენტური სარგებელი მოჰყვება: სახელმწიფო იცავს სოციალურად მოწყვლად მოსწავლეებს, ავითარებს ადგილობრივ მეწარმეობას და სოფლის მეურნეობას და ზრდის განათლების დონეს, სწავლის ხარისხს ქვეყნის მასშტაბით.

| Print |