განათლება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აქციის მონაწილე სტუდენტთა სამინისტროში დაბარების თაობაზე.

"პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის თანასწორი, თავისუფალი და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა, შესაბამისად, უწყებისთვის მიუღებელია ყოველგვარი ქმედება, რომელიც ახალგაზრდების შევიწროებისკენ და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული.

სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მოხდა სტუდენტთა დაბარება სამინისტროში – სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტუდენტებმა თავად გამოთქვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩთან შეხვედრის სურვილი. მხოლოდ ამის შემდეგ, სტუდენტების მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის მოადგილემ გამოთქვა ახალგაზრდებთან შეხვედრის მზაობა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განათლების სისტემის და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია"
, - ნათქვამია განცხადებაში.
| Print |