განათლება
მეორე საჯარო სკოლასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა სკოლის ეზოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. მშობლები შვილების სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ და ხელისუფლებას დროის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. დაახლოებით 50-მდე მშობელი შვილებთან ერთად სკოლის ეზოსთან ტრანსპარანტებით -,,დააბრუნეთ ჩვენი შვილები სკოლაში“ შეიკრიბა.
2023 წლის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მეორე სკოლის 400-მდე მოსწავლე სკოლის რეაბილიტაციის მიზეზით, პირველ საჯარო სკოლაში გადანაწილდა, თუმცა რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. მშობლები ეჭვობენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შენობა და ეზო, ხელსაყრელია ბიზნესის დასაწყებად.

,,სწორედ ამიტომ, ცდილობენ რომ დახურული შენობა ნელ-ნელა განადგურდეს, მშობლებმა სხვადასხვა სკოლაში გადაიყვანონ ბავშვები, რათა შემდეგ მცირე კონტიგენტის მიზეზით სკოლა აღარ გაიხსნას და საკმაოდ დიდი ტერიტორია გაიყიდოს“ - აცხადებს მშობელი ხათუნა გორგოძე, რომლის ორი შვილიც სწავლობდა ოთხსართულიან სკოლაში.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში მოწესრიგდა სველი წერტილები, თავიდან დამონტაჟდა წყალგაყვანილობა და მოულოდნელად, მიმდინარე წლის დასაწყისში ,,საფრთხის შემცველი შენობიდან“ მოსწავლეების სასწრაფო გაყვანა მასში ბევრ ეჭვს იწვევს.

აქციის მონაწილეთა თქმით, სკოლის ცვლილების გამო მოსწავლეებს 30 წუთამდე შეუმცირდათ გაკვეთილები, მეორე ცვლაში გადასული ბავშვები სიბნელეში ამთავრებენ სასწვალო პროცესს, ვეღარ ასწრებენ სხვადასხვა წრეზე სიარულს და მოსწავლეთა გაზრდილი რაოდენობის გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა სწავლების დონე. 

,,სკოლა არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოგვიყვანონ. მითუმეტეს, არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ სკოლა ნამდვილად ავარიული და საფრთხის შემცველია. ვითხოვთ, რომ დაგვიბრუნონ სკოლა და მანამდე გამოყონ ტრანსპორტი, ბავშვები სკოლაში ვატაროთ. კი არ გაგვიყვანეს, გაგვყარეს, მოვიდნენ და პასუხი გაგვცენ, რატომ? პირველი ცვლა დაგვიბრუნონ, თუ იწყება რემონტი დროულად დაიწყონ, თუ არადა შეგვიშვან სკოლაში. 40 ბავშვი ზის კლასში, როგორც ექიმი გეუბნებით რომ არაჰიგიენურია და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი. არ შეიძლება!“ - აცხადებს მშობელი ალექსი მარტინოვი.
აქციის მონაწილეებს შეხვდა ახალციხის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი. ხათუნა ხმალაძის თქმით, სარემონტო სამუშაოების დაწყება სამხარაული ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანების გამო შეფერხდა.

,,ამ სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით, ველოდებით, რომ წლის ბოლომდე მივიღებთ ექსპერტიზის დასკვნას და იანვარში უკვე ტენდერი დაიდება შენობის აღდგენა -რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ყველა პროცესი შემჭიდროვებულ ვადაში გაგრძელდება, ვფიქრობ რომ ძალიანი მოკლე დროში დასრულდება პროცესი, მანამდე კი გეტყვით, რომ 390 მოსწავლე გადანაწილებულია პირველ საჯარო სკოლის უსაფრთხო გარემოში“ - განაცხადა ხათუნა ხმალაძემ.
მეორე სკოლის გაჭიანურებულ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრი და სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს:

,,სოციალური ქსელიდან გავიგე, რომ მშობლები შეწუხებულები არიან. მქონდა კომუნიკაცია განათლების სამინისტროსთან, სამინისტრო მზად არის ამისთვის რომ ჩასვას სარეაბილიტაციო სამუშაოებში მეორე საჯარო სკოლა, მაგრამ ელოდება სამხარაულის დასკვნას. ჩვენ დავაჩქარებთ, მე გამოვითხოვე ეს წერილი, რომელი წერილის საფუძველზეც მიმართა სკოლამ სამხარაულის ექსპერტიზას. ჩვენ ჩავერთვებით და დავაჩქარებთ ამ დასკვნის მიღებას. პირადად მქონდა კომუნიკაცია სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და შენობის გაყიდვა არ იგეგმება“ - აცხადებს ანტონ ობოლაშვილი.
მშობლებმა სკოლის ადმინისტრაციას წერილი გაუგზავნეს და დოკუმენტები გამოითხოვეს. სწორედ, ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ შენობა ბავშვებს ექსპერტიზის დასკვნის გარეშე დაატოვებინეს.


| Print |