განათლება
პეტიციის შედეგად, სკოლებში კვების მინიმალური მოთხოვნები დაწესდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, დარგობრივი სამინისტროების, დაინტერესებული ორგანიზებისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დამტკიცდა. ინფორმაცია ამის შესახებ განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, დოკუმენტში ასახულია სკოლის კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების რეკომენდაციები – აკრძალული მზა კვების პროდუქტები და ინგრედიენტები, სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და სხვა.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.

მათივე ინფორმაციით, სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებას, რომელიც 24 ნოემბრით თარიღდება, განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი აწერს ხელს.

ბრძანების გამოცემამდე, ვითარებას წინ უსწრებდა პეტიცია, რომელსაც ხელი 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა. მშობელთა ასოციაციის მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ შეწყდეს სკოლის ბუფეტებში ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებით ვაჭრობა და სახელმწიფომ იზრუნოს სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამის დანერგვაზე. პეტიცია უკვე გადაეცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სახალხო დამცველს და საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტს.

„დღეისათვის გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვებას. ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა შვილს სახლიდან გაატანოს საკვები, რაც ბავშვებს შორის უთანასწორობას ზრდის. ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი. სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს, სკოლის სივრცე კერძო პირს აქვს ნაქირავები, ბუფეტის ნაცვლად, იქ მაღაზია აქვს გახსნილი და ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობს.

ე.წ ბუფეტში იყიდება გაზიანი სასმელები, მდარე, საეჭვო ხარისხის ტკბილეული და ცომეული, რაც ეწინააღმდეგება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 410-ე ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს, რომლითაც განსაზღვრულია სასკოლო კვების აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალი (საღეჭი რეზინი, კანფეტები, ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.)“
, - ნათქვამია პეტიციაში.
| Print |