განათლება
ახალციხის მეორე სკოლის ექსპერტიზა შენობის დაცლიდან მეცხრე თვეს დაიწყება
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში TV9NEWS.GE-ს განუცხადეს, რომ ახალციხის მეორე საჯარო სკოლის შენობა სპეციალისტებს ჯერ არ შეუსწავლიათ. მის მდგრადობაზე ექსპერტიზა ახლა ჩაინიშნა და კვლევა მიმდინარეობს. რესურსცენტრის უფროსმა კი რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურების მიზეზად სწორედ ექსპერტიზის დასკვნის მომზადება დაასახელა.

შენობას ექსპერტიზა რომ არ ჩასტარებია, მოსწავლეების მშობლებმა დირექციიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტებით აღმოაჩინეს. მათი თქმით, თუ ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, მაშინ გაუგებარია რის საფუძველზე დაატოვებინა ადმინისტრაციამ მოსწავლეებს შენობა. დირექციამ მშობლებს მიაწოდა საბუთი, რომლის მიხედვითაც სკოლის კიბეებზე ბზარები და ჩამოცვენილი ბათქაში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ შემოწმებისას აღმოაჩინა.

მეორე სკოლის 400-მდე მოსწავლე 2023 წლის მარტიდან ახალციხის პირველი საჯარო სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში სწავლობს, რაც მათ დამატებით პრობლემებს უქმნის. მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლაში დაბრუნების მოთხოვნით აქცია  18 ნოემბერს გამართეს. მათი თქმით, მეცხრე თვეა შენობა რეაბილიტაციის მოტივით დააცლევინეს, თუმცა ამ დრომდე რემონტი არ დაწყებულა.

მშობლებს შეხვდა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. ხათუნა ხმალაძის თქმით, საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და რეაბილიტაციისთვის ტენდერი იანვარში გამოცხადდება.

მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ბელა დიასამიძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა ხმალაძემ კი გვითხრა, რომ შეხვედრაზეა და მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგვეგზავნა კითხვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ დაუბრუნებია.
| Print |