განათლება
თეკლა ჯვარიძემ და ბარბარე ვარდიძემ FLEX პროგრამაში გაიმარჯვეს
ახალციხის ამერიკული სივრცის ლიდერმა თეკლა ჯვარიძემ და აქტიურმა წევრმა ბარბარე ვარდიძემ FLEX -ის პროგრამაში გაიმარჯვეს. პროგრამის ფარგლებში ორივე მთგანი მომავალ აკადემიურ წელს აშშ-ში, სრული დაფინანსებით ისწავლის.

უკვე ოცდაათ წელზე მეტია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში. პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

გამარჯვებულები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყოველთვიური სტიპენდიითა და ჯანმრთელობის დაზღვევით. აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და, ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობით.

FLEX პროგრამის ფინალისტებს არჩევს ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შედგება განათლების დარგის ამერიკელი სპეციალისტებისაგან. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. კონკურსი კომპლექსურია და განისაზღვრება ელექტრონულად შევსებული აპლიკაციის, რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 16 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის პერიოდით, არიან საქართველოს მოქალაქეები, ირიცხებიან და სწავლობენ სკოლაში საქართველოში და ფლობენ ინგლისურ ენას.
| Print |