დირექტორთა
სასერტიფიკაციო გამოცდები ახალციხის საჯარო სკოლებიდან დირექტორობის
ორმა მსურველმა ჩააბარა. ახალციხის პირველი საჯარო სკოლის
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გამოცდაში 96 ქულა აიღო. მაკა
ჯანაშვილის ტესტირების შედეგი ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით
ყველაზე მაღალია.
“საკმაოდ რთული ტესტები იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც გადავლახე ბარიერი” – განაცხადა “მეცხრე ართან” მაკა ჯანაშვილმა. მან სასერთიფიკაციო გამოცდებში გასულ წელს 102 ქულა აიღო, მაგრამ გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა.
ტესტირება ჩააბარა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგმა ნანა დათაშვილმაც. მან გამოცდაში 86 ქულა აიღო. ტესტების სირთულეზე მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელიც საუბრობს.
“ტესტები შარშანდელთან შედარებით საკმაოდ რთული იყო. მაგრამ კიდევ ერთხელ შევძელი და დავამტკიცე საკუთარი შესაძლებლობები” – აღნიშნა ნანა დათაშვილმა. მან დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა გასულ წელსაც მიიღო და ტესტირებაში 90 ქულა დააგროვა, თუმა მაკა ჯანაშვილის მსგავსად გასაუბრების ეტაპი წარმატებით ვერ გაიარა.
ახალციხის საჯარო სკოლებიდან მეშვიდე სკოლა–პანსიონის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლალი კარკაძის მეორე მცდელობა – ტესტირების ბარიერი გადაელახა წარუმატებლად დასრულდა. სასერტიფიკაციო გამოცდის პირველი ტური ვერ გადალახა ვერც ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა. სვეტა არუთუნიანის განმარტებით, არაქართველისთვის, რომელიც სახელმწიფო ენას სრულყოფილად ვერ ფლობს, ქართულენოვანი ტესტის ჩაბარება შეუძლებელია.
დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა არ მიიღო. მარინა ზედგინიძემ გასულ წელს ტესტირების ეტაპი ვერ გაიარა.
მეექვსე საჯარო სკოლას კი უკვე სერტიფიცირებული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. ზაზა თამარაშვილმა გასულ წელს ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპები წარმატებით გაიარა.
ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს გამოცდები 29–30 მარტს ჩატარდა: 29 მარტს ორ სეანსად, ხოლო 30 მარტს ერთ სეანსად. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. გასაუბრების ეტაპის შემდეგ სერტიფიცირებულ კანდიდატს სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორად 6 წლის ვადით აირჩევს.
როდის დანიშნავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გასაუბრების ეტაპს ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საჯარო სკოლის დირექტორთა სერთიფიცირება 2007 წლიდან დაიწყო.